სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს.

 

 

აღნიშნული პროექტი საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

 

ჰუნანის პროვინციის სოფლის მეუნეობის ჯგუფის მიერ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე შვიდი დიდი და 25 პატარა ერთსივრციანი მზის სათბური აშენდა, სადაც ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გამოცდა მიმდინარეობს.

 

 

„ახალი ტექნოლოგიებით აშენებულ და აღჭურვილ სათბურებში ქართველი ფერმერები და ტექნიკოსები, ჩინელი ექსპერტების დახმარებით, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკულ სასწავლო კურსს და გადამზადებას გადიან. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს როგორც სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, ასევე საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

 

 

აღსანიშნავია, რომ ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი ჩართულია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება.

 

 

საქართველოში აღნიშნულმა ჯგუფმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 300-მდე ფერმერისთვის ექვსი სასწავლო კურსი ჩაატარა.