ქუთაისში, 32 -ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, მამამ, სკოლის ეზოში, ბავშვებისა და მშობლების თვალწინ სცემა, რის შედეგადაც მამა დააკავეს.


როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა ჯეირან კოღუაშვილმა განუცხადა, სკოლის მოსწავლე სასწავლო პროცესს ხშირად აცდენდა და ამის შესახებ ინფორმაცია მშობელს მიაწოდეს.

 

თუმცა, „კვირას“ ინფორმაციით, მოსწავლის მშობლები ევროპაში ემიგრაციაში იმყოფებოდნენ და მამა დეპორტით საქართველოში იმ დღეს დაბრუნდა. დირექტორის ინფორმაციით, მამა-შვილის ინციდენტს პოლიციის თანამშრომელიც შეესწრო და მამის დაკავება შემთხვევის ადგილზევე მოხდა. მისივე თქმით, შვილის ცემის ფაქტზე დაკავებული პირი წარსულში ორჯერ ნასამართლევია. შემთხვევა, ქუთაისში 30 ნოემბერს მოხდა.


„ეს მოსწავლე მრავალშვილიანი ოჯახის წევრია. ბავშვები ბებიის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებიან. მშობლები ემიგრაციაში არიან და მამა სწორედ იმ დღეს ჩამოსულა ქუთაისში დეპორტით. ჩვენს სკოლაში სამი და-ძმა სწავლობს. იმ დღეს სკოლაში პატარა ძმას სახეზე სილურჯე შევნიშნეთ და ამის გამო პოლიცია გამოვიძახეთ. ბავშვმა აღნიშნა, რომ სილურჯე ნათესავის კოცნის შედეგად დააჩნდა და სწორედ ეს მივიჩნიეთ საეჭვოდ. მასწავლებლებს და პოლიციას პრეტენზია უფროს გოგონასთან ჰქონდა. ის ხშირად აცდენდა სასწავლო პროცესს. პოლიციის თანამშრომელმა მამას შვილების ღამის საათებში ქუჩაში ყოფნის ფაქტებზე უამბეს. ჩვეულებრივი მოსწავლეა. რომ ვთქვა, რომ ცუდი ყოფაქცევით გამოირჩევა, ტყუილია. ის ჩვეულებრივი მოსწავლეა. ეს რომ გაიგო მამამ, სკოლის ეზოში სცემა, ყველას თვალწინ. სწორედ იმ დღეს ჩამოსულა ქუთაისში. გაღიზიანებული და განერვიულებული იყო. ამ ფაქტს პოლიციის თანამშრომელი შეესწრო და სამართალდამცავებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.


როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ცემის ფაქტზე საქმეა აღძრული, 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბავშვის მამა ამ დროისთვის დაკავებულია.