ცხინვალში, სასტუმრო "ალანიის" წინ, 21 წლის ახალგაზრდა "ომონის" წარმომადგენლებმა 27 ნოემბერს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ნაცემი ახალგაზრდა საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით მოათავსეს.

 

დე-ფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებმა ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ცემის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ვიდეო-მასალის მიხედვით, კამათი სიტყვიერი დაპირისპირებით იწყება.

 

მოულოდნელად "ომონის" წარმომადგენელს ცხინვალელი ახალგაზრდა სახეში ურტყავს, რასაც, საპირისპიროდ, მისი ცემა მოჰყვა. პროკურატურის ცნობით, "ომონის" მხრიდან იარაღის გასროლასაც ჰქონდა ადგილი.