საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციისა და მონიტორინგის სპეციალისტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ორთუბანში მდებარე მძოვრეთის ციხეზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოჩენილი დარღვევების გამო საქართველოს პროკურატურას მიმართეს.

 


"ძამის ციხე-დარბაზის კომპლექსი ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და ასევე , საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ოქტომბრის N 665 ბრძანებით განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია.


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა და ზედამხედველობა, რამაც გამოიწვია ძეგლის არქეოლოგიური ფენების სრული განადგურება.


ციხე-დარბაზის მთელ პერიმეტრზე უნებართვოდ აღდგენილია კედლები თავისი ქონგურებით, ხოლო ციხის შიდა სივრცეში ეკლესიის გარდა სხვა ნაგებობების კვალი მთლიანად არის წაშლილი. ასევე, აშენებულია არაერთი ახალი შენობა-ნაგებობა, რომელიც არღვევს ძეგლის ავთენტურ იერსახეს და უარყოფითად მოქმედებს მის სრულფასოვან აღქმაზე. აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს უხეშ ჩარევას, რაც აზიანებს ძეგლის უნიკალურობას, აკნინებს მის აღქმას და დისონანსი შეაქვს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში.


მძოვრეთის ციხე მდებარეობს მდ. ძამის ხეობაში, მაღალ და მიუვალ მთის ქიმზე. იგი აკონტროლებდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოში მიმავალ გზას. წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. XIV საუკუნიდან ის ჯერ ჯავახიშვილების, ხოლო შემდეგ ციციშვილების რეზიდენციას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდა XV ს. ცნობილი მკურნალი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი. აქვე დაიწერა მისი საექიმო წიგნი ,,კარაბადინი“. ციხე ერთ-ერთ კარგად გამაგრებულ და მიუვალ სათავდაცვო ნაგებობას წარმოადგენდა, რასაც თემურლენგის ისტორიკოსები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.