საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში პასკალ მონიეს განცხადებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახალი წლის შემდეგ მიიღებს.

 

 

მისი თქმით, სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლა ახალი წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება.

 

 

„უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ახალი წლის შემდეგ, რადგან ვიზალიბერალიზაციაზე, შეთანხმება მიღწეულია. მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხებია მოსაგვარებელი. ველით, რომ თავისუფალი მიმოსვლის გადაწყვეტილება ძალაში შევა ახალი წლის პირველ კვარტალში, ან მეორე კვარტლის დასაწყისში. ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

 

 

პასკალ მონიეს თქმით, საფრანგეთის საელჩოში სპეციალური მექანიზმი შეიქმნა და მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზებზე უარი ეთქვათ, ხელახლა მიმართვა შეუძლიათ.

 

 

"მანამდე კი, საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს, რომ საქართველო იმსახურებს გამონაკლისის სახით, ვიზების მიღებას საფრანგეთში გასამგზავრებლად. ჩვენ მოუთმენლად ველოდით ახალ რეგულაციებს. ბოლო პერიოდში ვიზის მიღების მსურველთა 95%-ის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ჩვენს საელჩოში მექანიზმიც კი შევქმენით, რომელიც უფლებას ანიჭებს მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზებზე უარი ეთქვათ, ხელახლა მოგვმართონ,“ - განაცხადა პასკალ მონიემ.

 

 

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ტექსტის საბოლოო ვარიანტზე დღეს ევროპარლამენტის, ევროპის კავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები უნდა შეთანხმდნენ.