ყაზტრანსგაზ-თბილისი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

 

"ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზის მომხმარებლების მიერ ჩაირთო სხვადასხვა ტიპის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოები, რომელთა გარკვეული ნაწილი არ არის სათანადოდ შემოწმებული და დამონტაჟებულია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული გარემოება (უმეტესწილად) წარმოადგენს უბედური შემთხვევების გამომწვევ მიზეზს.
გამომდინარე აქედან, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს გაზის მომხმარებლებს უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობები, კერძოდ:


- ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყონ აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება კომპანიის მეშვეობით;


- გაზის ხელსაწყოების ყიდვისას არჩევანი შეაჩერონ და შეიძინონ ისეთი გაზის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოების, რომელთაც გააჩნიათ წვის დახურული კამერა (ე.წ. „დახურულკამერიანი“ გაზის ხელსაწყოები);


- უზრუნველყონ იმ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები;


- შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას დაუყონებლივ შეწყვიტონ გაზის მოხმარება, გადაკეტონ გაზის ონკანები, გაანიავონ სათავსო და დაუყონებლივ დარეკონ კომპანიის საავარიო ნომერზე 114 და ცხელ ხაზზე 240 40 04. მითითებული სატელეფონო ნომრების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს რიგგარეშე უფასო მომსახურებით, გაზის სისტემების შემოწმებასთან დაკავშირებით;


- არ დატოვონ უმეთვალყურეოდ ანთებული გაზის ხელსაწყოები;


- შეუფერხებლად დაუშვან კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინებში გაზის სისტემების შემოწმების მიზნით. აღნიშნული შემოწმება (გეგმიურ გამაფრთხილებელი რევიზია - გგრ) ტარდება ყოველწლიურად და მიზნად ისახავს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის გამართულობისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დადგენას;


- დროულად გამოასწორონ გგრ-ის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და გაითვალიწინონ კომპანიის წარმომადგენელთა მიერ მიცემული რეკომენდაციები.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უწყვეტად ახორციელებს გაზმომხმარებელი ხელსაწყოების და დანადგარების მიერთების ტექნიკურ შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევით დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოები ითიშება გაზმომარაგების ქსელიდან. ამასთან დაკავშირებით, კომპანია მოუწოდებს გაზის მომხმარებელებს თვითნებურად არ მიაერთონ გათიშული ხელსაწყოები. ამ ეტაპისთვის შემოწმებამ უკვე მოიცვა გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა 70%", - ნათქვამია მიმართვაში.

 

გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.ktg-tbilisi.ge