აღმოსავლეთ ალეპოდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესის დასრულებაზე ახალი შეთანხმება შედგა, ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ და „როიტერი" ავრცელებენ.

 

სირიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „როიტერს“ დაუდასტურა, რომ ალეპოდან მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდება.

 

„შეთანხმება მიღწეულია, რომ აღმოსავლეთ ალეპოდან მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდეს, კერძოდ, კეფრაიადან და ალ-ფაოუდან სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს გამოიყვანენ, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში, ევაკუაცია განხორციელდება ზაბადანიდან და მადაიადან“, - განაცხადა „როიტერის“ წყარომ, რომელიც მომლაპარაკებელთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.

 

სოფლები ალ-ფოუა და კეფრაია იდლიბის პროვნიციაში მდებარეობს და ის ამბოხებულებს აქვთ დაკავებული, ხოლო მადაიასა და ზაბადანს სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

 

როგორც „ევრონიუსი" წერს, დაახლოებით 8 000 ადამიანი ევაკუირებულია და დარჩენილია ათი ათასამდე მოქალაქე, რომელთა ტრანსპორტირებაც პარასკევს დარღვეული შეთანხმების გამო შეწყდა.

 

„ევრონიუსი“ ახალი ამბების არხზე „ალ არაბიაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ შეთანხმება მიღწეულია შიიტებით დასახლებული ორი სოფლიდან ევაკუაციაზე, ასევე ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ორი ქალაქიდან დაჭრილების გამოყვანასა და მეამბოხეების მიერ კონტროლირებული აღმოსავლეთ ალეპოდან მოქალაქეების სრულ ევაკუაციაზე.

 

„ალ არაბიას“ ინფორმაციით, უცნობია, რამდენი დაჭრილი უნდა გამოიყვანონ შიიტებით დასახლებული ორი სოფლიდან ალ-ფოუადან და კეფრაიადან.

 

ალეპოდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესის დასრულების შესახებ შეთანხმებაზე „გარდიანიც“ წერს.