პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

"ახლა გვატყობინებენ, რომ პოლიტსაბჭო უნდა შეიკრიბოს ხვალ 17:00-ზე. თემა: 30 ნოემბერს დამტკიცებული წესების სამართლებრივი საკითხების გარჩევა-დაზუსტება.

 

თუკი სამართლებრივი დეტალები და 7000-დელეგატიანი ყრილობის კარგი ორგანიზება იყო ამოსავალი, რატომ არ დასვეს შეკითხვები პოლიტსაბჭოზე ამ წესების განხილვისას 30 ნოემბერს ან გასული ერთი თვე რატომ დაიკარგა? ახლა გაახსენდათ დასაზუსტებელი დეტალები, 1 თვის შემდეგ? თუ რამე გასარკვევი იყო, დროზე არ ჯობდა გარკვეულიყო?


ამ დროისთვის, მხოლოდ ჩვენ წარვადგინეთ 6 წევრი საორგანიზაციო კომისიაში პოლიტსაბჭოს 30 წევრის ხელმოწერით. ასევე ვთხოვეთ ბატონ დავით ბაქრაძეს, რომ სხვა წევრებიც დროულად წარედგინათ, რათა კომისიამ მაქსიმალური ჩართულობის რეჟიმში იმუშაოს.


თუკი თქვენი მიზანი საბოტაჟი და ყრილობის გადადება არაა და იმისთვის, რომ ყრილობის მომზადების პროცესი იყოს მაქსიმალურად ჩართულობაზე ორიენტირებული და არაკონფრონტაციული, ჩემი აზრია, რომ პოლიტსაბჭოზე ახალი დაპირისპირება კი არ უნდა გავაღვივოთ სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ ადამიანებს შორის, როდესაც ასეთი პოლარიზებულია პოზიციები, არამედ:


1. სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს 20 იანვრის ყრილობის საორგანიზაციო კომისიის ყველა წევრი.


2. უმოკლეს ვადაში უნდა წარმოადგინოს ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ ყრილობის ჩატარების გეგმა ყველა დეტალით.


3. მაქსიმალურად ფართო ჩართულობით უნდა განვიხილოთ ყველა საორგანიზაციო საკითხი, მათ შორის სამართლებრივი და ტექნიკური დეტალებიც.


20 იანვრის ყრილობა ჩატარდება ყველა საუკეთესო სტანდარტის დაცვით და დარწმუნებული ვარ, ახალი სიტყვა იქნება ქართული პარტიების განვითარებაშიც",– წერს თაქთაქიშვილი.