საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის ზოგად დებულებებს ფუნდამენტური ცვლილებები არ შეეხება.

 

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ყველაზე მეტი ცვლილება კონსტიტუციაში პრეზიდენტის ნაწილს სჭირდება.

 

"ეს თავი ყველაზე მეტად საჭიროებს ცვლილებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის გამიჯნული კომპეტენციები სახელმწიფოს მეთაურს და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის", - აღნიშნა კობახძემ.

 

მისივე თქმით, მთავრობის ნაწილში არის კონკრეტული რეგულაციები, რომელიც იყო მწვავე კრიტიკის საგანი ვენეციის კომისიის მხრიდან, განსაკუთრებით, მთავრობისთვის ნდობის და უნდობლობის გამოცხადების პროცედურები.

 

"ორივე პროცედურა საჭიროებს არსებით დახვეწას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დემოკრატიულია სახელმწიფოს მეთაურის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი არჩევის წესი, თუმცა "სამწუხაროდ, ხშირად ხდება კონკრეტულ გვარ-სახელებთან საკონსტიტუციო ცვლილებების დაკავშირება, როგორც პოზიტიური,ასევე ნეგატიური ფორმით, რაც არასწორია".


"დაუშვებელია, როგორც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა კონკრეტულ პერსონაზე მორგებით, ასევე, დაუშვებელია კონკრეტულ ცვლილებებზე ტაბუს დადება კონკრეტულ გვარ-სახელებზე მითითებით",-განახცადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს სასამართლო ხელისუფლებაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური გაძლიერება.

 

"არის მთელი რიგი აქტუალური საკითხებისა, რომელიც განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდება საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში. ეს პირველ რიგში არის საარჩევნო საკითხები. დღეს გვაქვს ჩვენ ერთგვარი შერეული მოდელი, რაც გარკვეულ ფორას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. ამ გარემოებაზე მითითებით, არის მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და ეს საკითხი ბუნებრივია, უნდა გახდეს მსჯელობის საგანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. როდესაც საუბარია საარჩევნო სისტემაზე, აქ დღის წესრიგში დგას ორი ძირითადი ლეგიტიმური ინტერესი - სისტემის დემოკრატიულობა და პლურალიზმის ინტერესის მაქსიმალურად წინ წამოწევა, ხოლო მეორე ლეგიტიმური ინტერესი არის სტაბილური მთავრობის უზრუნველყოფა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შსს-ს აკადემიაში საჯარო ლექცია გამართა და სტუდენტებს საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ ესაუბრა.