დღეს ჩვენ ერთად ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა განათლება არის თავი და თავი განვითარების და პროგრესის.

 

„განათლების სისტემის მნიშვნელოვანი განვითარების გარეშე პროგრესი ქვეყანაში არ გვექნება. 100% იმ პრობლემების გადაჭრისა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას არის განათლების სისტემაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახლებულია განათლების სიტემის განვითარება და რეფორმა. განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესზე, განვითარებაზე თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქის მიზანზე. ამიტომ მინდა მთელი მთავრობის სახელით და არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საპარლამენტო გუნდის სახელითაც გამოვთქვა სრული მხარდაჭერა იმ რეფორმის, რომელიც წამოვიწყეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა წარმატება უსურვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს უმნიშვნელოვანეს ამოცანას.

 

„განათლების სისტემა, რომელსაც შევქმნით ჩვენ, იქნება დაფუძნებული უახლეს ტექნოლოგიებზე საქართველოს რეგიონებში მაღალი ხარისხის განათლების წვდომაზე, მასწავლებლის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება პროფესიული განათლებისადმი და მსოფლიოში საუკეთესო დუალური განათლების მოდელი ავირჩიეთ. უმაღლესი განათლება იქნება ორიენტირებული სწრაფი განვითარების მოთხოვნებზე, საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი, ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი, თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს.

 

„ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესი პედაგოგიური პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესაძლებლობებს მივმართავთ სწორი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა. ტალანტის გადინება ქვეყნიდან, რომელიც ამ ძალისხმევის შედეგად მნიშველოვნად შეიცვლება, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ბევრი ტალანტის შემოდინებაც იქნება აუცილებელი. მინდა, რომ წარმატება გისურვოთ ყველა თქვენგან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეფორმის შედეგად საფუძველს ვუყრით ძალიან მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მოიტანს თავისუფლებას, მოიტანს პროგრესს და მოიტანს სწრაფ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. საუკეთესო ტრადიციულ ფასეულობებზე და ყველაზე მეტ, ყველაზე საუკეთესო ფასეულობებზე და ამ ორის სინერგიაზე დაფუძნებული იქნება ყველა ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ. კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ერთად ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.