პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე, 2016 წელი შეაჯამა და 2017 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

 

კვირიკაშვილის განცხადებით, 2016 წელი უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი არჩევნების წელი იყო.

 

 

„ამ წლის ბოლო მთავრობის სხდომას ვატარებთ და მინდა მოკლედ შევაჯამო გასული წელი თავისი მნიშვნელოვანი მოვლენებით, მიღწევებითა და გამოწვევებით. 2016 წელი ეს იყო უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების ჩატარების კულტურაში. ვფიქრობ, ძალიან მისასალმებელია, რომ დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რაც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ლოგიკურია, რომ არჩევნებზე ჩვენ ახალი და კონკრეტული გეგმით წარვსდექით ხალხის წინაშე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, მოქმედი მთავრობის სლოგანი იყო „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, რაც მათ მიერ არჩეულ მთავარ ხაზს რეალურად აჩვენებს.

 

 

„ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ არის აღნიშნული. შესაბამისად, მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ადამიანის გადარჩენაზე იყო ორიენტირებული. ჩვენ გვქონდა კონკრეტული გამოწვევები, 2012 წლიდან მოყოლებული და ვინაიდან ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იყო დასაყენებელი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანზე ზრუნვა დავიწყეთ.

 

 

დღეს, უკვე 2016 წელს, ჩვენ გამოვაცხადეთ განვითარების ახალი ეტაპი და წარმოვადგინეთ სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელმაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა, მოქალაქეები და მათი ოჯახები კეთილდღეობამდე უნდა მიიყვანოს. ეს პროცესი 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილი 2017 წლიდან დაიწყება. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა - აირჩიო არამარტივი, მაგრამ ერთადერთი სწორი გზაა სწრაფი განვითარების მისაღწევად“, - აღნიშნა პრემიერმა.