პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2017 წელსაც გაგრძელდება.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნულ პროგრამაზე საუბრისას განაცხადა, 2016 წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

 

 

„არ შეიძლება არ შევეხო იმ სფეროს, რომელიც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ - ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა კაცზე მეტმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. წელს 13 000-ზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში და მათი განკურნების მაჩვენებელი 90%-ია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროგრამებს 2017 წელსაც გავაგრძელებთ, თუმცა ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვა გახდება კიდევ უფრო საჭიროებებზე ორიენტირებული და მეტად ხარისხზე ორიენტირებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

მისივე თქმით, შემუშავდა მეორე - ახალი ეტაპის რეფორმები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი ექნებათ.

 

 

„ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად და ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.