სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. დასკვნითი სამუშაოების დასათვალიერებლად, გამყოფი ხაზის სოფელში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე.

 

 

გამყოფი ხაზის სოფელ ტყვიავში აშენებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი, ერთდროულად, თოთხმეტი პაციენტის მიღებას შეძლებს. ცენტრის მშენებლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ ამჟამად ტყვიავის და მიმდებარე სოფლების ასობით მაცხოვრებელს, ავადმყოფობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უწევს წასვლა, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. ცენტრის მშენებლობა და გამართული მუშაობა მოსახლეობას ამ პრობლემას მოუგვარებს.

 

 

ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარეობს ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა.

 

 

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2017 წლის დასაწყისში იგეგმება.

 

 

ობიექტზე მუშაობის პერიოდში სულ დასაქმდა 40-მდე ადამიანი.