უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

 

„კერძოდ, სანქციები შემოღებულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონოდ იქნენ არჩეულნი რუსეთის სახელმწიფო დუმაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სევასტოპოლში საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგად, ასევე ე.წ. საარჩევნო კომისიების და ყირიმში არსებული უკრაინული საწარმოების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონოდ იქნა ხელმეორედ რეგისტრირებული რუსული კანონმდებლობის მიხედვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

საბჭოს გადაწყვეტილებაში დასახელებული არ არის კონკრეტული გვარები, თუმცა ჩამოთვლილია კატეგორიები, რომლებში შემავალ პირებზეც სანქციები გავრცელდება.

 

სანქციები ასევე ეხება რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებსა და სასამართლოებს.

 

გადაწყვეტილებაში ცალკეა ნახსენები სანქციები უკრაინის ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული. მათ წინააღმდეგ სანქციები შემოღებულია „ტერორისტული საქმიანობისა და ჰიბრიდული აგრესიის დაფინანსებისთვის, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს“.