პატრიარქის სამკურნალოდ საქართველოში დღეს გერმანელი სპეციალისტი ჩამოვა. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, უწმინდესის მდგომარეობა ყოველდღიურად სტაბილურია და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. იგი საპატრიარქოში ქირურგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ოპერაციული ჩარევის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა გადაუდებლად არა.

 

„სისხლის მაჩვენებლები და გარკვეული ანალიზები უმჯობესდება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. იცით თქვენ, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭოვანი დაავადების გამო ყოველდღე სპეციალისტების კონსილიუმები ტარდება. დაკვირვების ქვეშ არის“, – განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

 

მისივე თქმით, უწმინდესის გერმანიაში გადაყვანის საკითხი აღარ განიხილება, რადგან პატრიარქი თანახმა არ არის.

 

„უწმინდესს არ უყვარს, როდესაც საქართველოს დიდი ხნით ტოვებს, ამიტომ დღეს თბილისში ბერლინის ერთ-ერთი კლინიკიდან ჩამოვა გერმანელი სპეციალისტი, რომელიც ბოლო 2 წელია გერმანიაში ყოფნისას პატრიარქს მეთვალყურეობს“, – აღნიშნა უწმინდესის ექიმმა.

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”