ახალი წლის ღამეს, თურქეთში, ღამის კლუბზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელი ადგილზე ტაქსით მივიდა, იარაღი გადმოიღო და ხალხის დასახოცად გაემართა.

 

თავდამსხმელი ქაოსურად და შემთხვევით ისროდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, სროლის პროცესი, დაახლოებით, შვიდ წუთს გაგრძელდა. ბრალდებულმა, პირველ რიგში, უსაფრთხოების თანამშრომელი და სამოგზაურო აგენტი მოკლა.

 

„იმ დროს საპირფარეშოში ვიყავი. ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა. ამიტომ ჩემს ერთ-ერთ მეგობარს დავურეკე და გამოვემშვიდობე, ვუთხარი, რომ მიყვარს. როდესაც სროლა შეწყდა, ვიფიქრე, რომ თავდამსხმელი თავს აიფეთქებდა და ყველა დავიხოცებოდით“, - განაცხადა ტერორისტულ თავდასხმას გადარჩენილმა ტუვანა ტუგსავულტმა BBC-თან ინტერვიუში.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ისრაელის, რუსეთის, საფრანგეთის, ტუნისის, ლიბანის, ინდოეთის, ბელგიის, იორდანიისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები.

 

ერთ-ერთი დაღუპულის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

 

69-ზე მეტი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში რჩება და მკურნალობას აგრძელებს. როგორც ოფიციალური უწყებები აცხადებენ, სამი მათგანის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

 

როგორც ტერორისტული თავდახმის დროს გადარჩენილი ბარმან მეჰმეტ ილანი ამბობს, თავდამსხმელი კლუბის იმ ნაწილისკენ გაემართა, რომელიც, როგორც წესი, ხალხით არის სავსე, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მან ზუსტად იცოდა, რა მიმართულებით უნდა წასულიყო.

 

„ის შემთხვევით და ქაოსურად ისროდა, მაგრამ ადამიანებს სხეულის ზედა ნაწილში უმიზნებდა. მისი მიზანი ხალხისათვის მხოლოდ ჭრილობის მიყენება არ იყო“, - იხსენებს ილანი.

 

ტერორისტული თავდასხმები თურქეთში

 

10 დეკემბერი - ორმაგი აფეთქება საფეხბურთო სტადიონთან, რომელსაც 44 ადამიანი ემსხვერპლა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთების სამხედრო დაჯგუფებამ აიღო.

 

20 აგვისტო - აფეთქება გაზიანტეპში, საქორწილო ღონისძიებაზე, რომელსაც 30 ადამიანი შეეწირა.

 

30 ივლისი - 35-მა ქურთმა მებრძოლმა სამხედრო ბაზის იერიშით აღება სცადა - ისინი თურქული არმიის წევრებმა დახოცეს.

 

28 ივნისი - თავდასხმა ათათურქის აეროპორტზე - გარდაიცვალა 41 ადამიანი.

 

13 მარტი - ქურთი მებრძოლების მიერ ავტომობილის აფეთქების შედეგად, ანკარაში, 37 ადამიანი გარდაიცვალა.

 

17 თებერვალი - 28 ადამიანი გარდაიცვალა ანკარაში სამხედრო მცველთა რაზმზე თავდასხმის შედეგად.

 

წყარო: BBC