პრეზიდენტი სიტყვა „ვიღაცაში“ დავით უსუფაშვილს არ გულისხმობდა, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ვიღაცის კომენტარზე კომენტარს არ გააკეთებს“.

 

"ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი... გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?.. არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო",- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა, პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი - 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”.


უსუფაშვილის აზრით, ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.