რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში კახა ხურციძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე ხულიგნობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ კახა ხურციძეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკება მოუხდა მეზობელთან თემურ კახაბრიშვილთან, რა დროსაც კახა ხურციძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თემურ კახაბრიშვილს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად თემურ კახაბრიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 


სამართალდამცველებმა კახა ხურციძე 2016 წლის 29 აგვისტოს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.


რუსთავის საქალაქო სასამართლომ კახა ხურციძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვინაიდან კახა ხურციძეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 თებერვლის განაჩენით 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 3 წლით პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული, სასამართლომ 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს პირობითი მსჯავრიდან ერთი წელი მიუმატა და კახა ხურციძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა.