დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ განუცხადა.

 

როგორც თბილისის ყოფილმა მერმა აღნიშნა, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, შეხვდება მიხეილ სააკაშვილს და კოლეგებს სხვადასხვა ორგანიზაციიდან.

 

„თუ არის შანსი, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, ამ შანსს გამოვიყენებ",- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

თბილისის ყოფილმა მერმა დაპირისპირებულ თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ სამი-ოთხი დღე საშობაო არდადეგები გამოაცხადონ.

 

„იძულებით სამეცნიერო მივლინებაში ვიმყოფებოდი, აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში. საქართველო სტაგნაციაშია, „ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის განვითარება შეიყვანა ჩიხში, ეკონომიკა სულს ღაფავს და გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, სამწუხაროდ უფრო დიდ კრიზისს გამოიწვევს. 2017 წელს, ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, არასახარბიელო პროგნოზს ველოდები, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, სამართლიანი, მშვიდობიანი გზით ჩამოვაშოროთ არაფორმალური მმართველი ხელისუფლებას და ქვეყნის განვითარება გავაგრძელოთ" ,- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

დედაქალაქის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ ამისათვის ბევრი სამუშაო იქნება შესასრულებელი. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გადაიყვანონ ოპოზიციაში.

 

„ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა პარტია და ორგანიზაცია პოლიტიკურ კოლაფსშია, „ქართული ოცნება" ნებივრობს, მაგრამ ზუსტად ამ ნებივრობის დროს, ხელისუფლება დრამატულ შეცდომებს უშვებს. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება ოპოზიციაში და დავუბრუნოთ განვითარებას", - განაცხადა უგულავამ.