4 იანვარს თბილისში, აღმაშენებლის პროსპექტზე, პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახალგაზრდა ქალი, ზიზი ურუშაძე, სადისტურად მოკლული იპოვეს. ზიზი ურუშაძის მკვლელობაში ბრალდებული მისი მეუღლე, ვახო სამხარაძე, სამართალდამცავებს თავად ჩაჰბარდა, მან მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა, მაგრამ ამ ვერსიის კატეგორიულად არ სჯერათ მოკლულის ახლობლებს. ისინი ეჭვობენ, რომ მკვლელობის რეალური მიზეზი ფულია - ბრალდებულს ფული ჰქონდა წაგებული და მეუღლეს ამ თანხას სთხოვდაო. სტატია მომახდარზე მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

 

წყვილი ე.წ. იტალიურ ეზოში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობელი ამბობს, რომ ბინიდან გაიგონა, როგორ სთხოვდა ქმარი ცოლს ფულს.

 

ზიზის მეგობარი: "ზიზი მაღაზიათა ქსელის მენეჯერი იყო, ყველა საქმეს ის აგვარებდა, საბაჟოზე, ბანკში, საგადასახადოში და სახლში ხშირად ჰქონდა სამსახურის ფული და მეორე დღეს მიჰქონდა საგადასახადოში. ქმარიც, ალბათ, ამიტომ სთხოვდა. ეჭვიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ზიზი ძალიან წესიერი იყო, სულ მუშაობდა, ვახო კი მის ნაშრომს ჭამდა...

დარწმუნებული ვარ, ზიზი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდა, მაგრამ პრობლემაზე ჩვენთან არ ლაპარაკობდა… ვახოს მანამდე სხვა ოჯახი ჰყავდა, ყოფილ მეუღლესთან შვილებიც ჰყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ვახო ვერაზე გაიზარდა. წლების მანძილზე სასამართლოში უმცროს და-ძმას უჩიოდა, მათ მშობლების სახლი გააყიდვინა და წილი წამოიღო. იმ ფულით მანქანა იყიდა, მაგრამ მალე დაამტვრია. ასეთი კაცი იყო ვახო სამხარაძე".

 

მოკლულის მეგობარი ტრაგედიის დღესაც იხსენებს:


"ზიზი სამსახურში რომ არ მივიდა, დაურეკეს, ტელეფონზე არ პასუხობდა და ამიტომ თანამშრომელი ვახოს შეეხმიანა. წარმოიდგინეთ, მკვლელობა უკვე ჩადენილი ჰქონდა და თანამშრომელი მოატყუა, ზიზი ბანკშია წასულიო... ზიზის ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, ექსპერტიზა ჩატარდა და სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. მთელი სახე დალურჯებული აქვს, შუბლზე - კოპი, ცხვირის ძვალი - გატეხილი, ნიკაპი - მონგრეული, თითის ფალანგები - დამტვრეული. ზიზი ყველაფერს იტანდა, იმიტომ, რომ უყვარდა. მან კი მოკლა".