საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა გუშინ, იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა.

 

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მსგავს დაუცველ გარემოში, მთელი მსოფლიო მრავალი გლობალური საფრთხის წინაშეა და ამ პროცესში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების დამკვიდრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა.

 

 

მხარეებს შორის აღინიშნა, რომ წელს საქართველო - ისრაელის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი უსრულდება, მაშინ როდესაც ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობა ორი ათას ექვსას წელს ითვლის, მას შემდეგ ჩვენი ხალხები საერთო მემკვიდრეობასა და ერთმანეთის უდიდეს ურთიერთპატივისცემას იზიარებენ.

 

 

შეხვედრისას ისაუბრეს აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

 

 

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ლიბერალურ, სტაბილურ, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალ ბიზნესგარემოსთან ერთად საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უკვე ხდის მას მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად.

 

 

დღესდღეობით მოქმედებს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას მოიცავს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმი (GSP) აშშ-სთან, კანადასთან, იაპონიასთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან, ისტორიული მნიშვნელობის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთთან.

 

 

ამ ყველაფრის გათვალისწილებით, საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელის კომპანიებს საქართველოში განახორციელონ ინვესტირება სხვადასხვა მზარდ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მრეწველობა.

 

 

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუვენ რივლინის შეხვედრები საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

 

გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, და ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.