ვანის რაიონის სოფელ ყუმურში გუშინ მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი სოფელი შეძრა. 18 წლის გიორგი გიორგაძემ, რომელმაც საპატიმრო ცოტახნის წინ დატოვა, საკუთარი ძმა, 25 წლის კონსტანტინე სანადირო თოფიდან გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს.


შემზარავ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივები უყვებიან, გიორგაძეების ოჯახი სოფელ ციხესულორში ცხოვრობდა, ძმები კი ყუმურში ნახირის სამწყემსად იყვნენ წასულები.

 

ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ინციდენტის შემდეგ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მიმალვას ცდილობდა.

 

"გარდაცვლილის და მისი ოჯახის დახასიათება მხოლოდ დადებითად შემიძლია. მშრომელი ხალხია. როგორც ვიცი ბრალდებული ციხიდან ახლახანს გამოვიდა, რა მოხდა ვერ გეტყვით, თუმცა რომ მივედით ბიჭი გარდაცვლილი იყო და სისხლში ცურავდა. გიორგიზე თქვეს რომ გაიქცაო. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, როგორ შეძლო 18 წლის ბიჭმა საკუთარი ძმის მოკვლა",- აღნიშნა ადგილობრივმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა.

 

ქალბატონისთვის უცნობია რისთვის იხდიდა წარსულში სასჯელს მკვლელობაში ბრალდებული პირი.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა - 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კონსტანტინე გიორგაძეს ციხესულორში დაკრძალავენ. მომხდარის სხვა დეტალებზე სოფელში საუბარი უჭირთ. დამატებით განმარტებას არც შს სამინისტროში აკეთებენ.