პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის, როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარისთვის, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში არსებული სიტუაციის შესახებ მოსახლეობას არაერთხელ მიუმართავს. ზურაბიშვილი პრემიერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და პოზიციას მიესალმება.

 

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, შეისწავლონ „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში, არსებული სიტუაცია.

 

აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მთაწმინდის, მაჟორიტარულ ოლქს. ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან, მოსახლეობისგან არა ერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თბილისის ცენტრში არსებულ ზოგიერთ ბარში ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ და იქ შესვლა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. პრემიერმა ყურადღება „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ობიექტებზე გაამახვილა. მთავრობის სხდომის შემდეგ კი, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ცენტრში არსებულ ბარებზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი წუხილი ისაა, რომ „ქართველი არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში“.

 

პრემიერის თქმით, ეს მისი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფაა.