გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი სპორტული მოედნების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

 


გამგეობის ინფორმაციით კოშკა-გუგუთიაანთკარში დიდი, ბუნებრივსაფარიანი ფეხბურთის მოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა. თითქმის დასრულებულია სტანდარტული საფეხბურთო მოედნის მოწყობა სოფელ არაშენდაშიც. აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და სრულად განახლდა სპორტული მოედნები ტყვიავში, მეჯვრისხევში, ტირძნისში, კარალეთში, პატარა გარეჯვარში, წითელუბანში, ახალდაბაში, ბერბუკსა და თედოწმინდაში.

 


„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ ვაგრძელებთ სპორტული მოედნების მშენებლობას და რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სოფლებში ყველა თაობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეეძლებათ თავისუფალ დროს სპორტით დაკავდნენ. მოგეხსენებათ, რომ გორმა და ზოგადად შიდა ქართლმა არაერთი ჩემპიონი აღზარდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ვიმედოვნებ რომ მომავალში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.

 


გამგეობამ, გასულ წელს, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, არაერთი ჩემპიონატი გამართა, სადაც გუნდებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს არა მხოლოდ რაიონის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. ეს ღონისძიებები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

 


სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური“ ახორციელებს.