გირჩის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში საბოლოოდ მაინც შეიცვლება. ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების ქმედების მიუხედავად პოლიტიკური ორგანიზაცია გაჩერებას არ აპირებს.

 

„ის რომ ჩვენს ოფისში მოვიდნენ და წაიღეს ნერგები, ეს არავის არ შეაშინებს და არავის არ გადააფიქრებინებს, რომ იბრძოლოს ისევ იმ მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც აქამდე ვიბრძოდით“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

 

ახალი პოლიტიკური ცენტრის ოფისში გუშინ ჩატარებულ რეიდს ადეკვატურად მიიჩნევენ ქართულ ოცნებაში, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ არ არის აუცილებელი პოლიტიკურ აქტს დაკავებებით გაეცეს პასუხი.

 

„ეს არის სამართალდამცავებისგან ადეკვატური და პროპორციული მიდგომა საკითხის მიმართ. როგორც პოლიტიკური აქცია, პოლიტიკურ აქციაში ხელის შეშლა და ჩარევა სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარა“, -აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

 

ექსპერტ კრიმინალისტებმა პარტიის ოფისში ორი კვირის წინ დაუმორჩილებლობის აქციაზე დათესილი 80 ძირი მარიხუანა დალუქეს.