საქართველოში მოქმედი სომხური სათვისტომოს საერო და სასულიერო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს 1915-1923 წლების სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარების მოთხოვნით მიმართავენ.
ამასთან დაკავშირებით სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურმა მიმართვა გაავრცელა.
"ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი საქართველოს სომხური სათვისტომოს საერო და სასულიერო ორგანიზაციები მოგიწოდებთ სამართლიანობის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების სახელით შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს და საქართველოს პარლამენტში ინიცირება მოახდინოთ ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხის განხილვას. 1915–1923 წლებში ზემოხსენებული განხორციელებული გეგმის შედეგად, სომეხმა ერმა 2 მილიონზე მეტი ადამიანი და საკუთარი სამშობლოს უდიდესი ნაწილი დაკარგა. 1915-1923 წლებში სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კვალიფიცირდება, როგორც გენოციდი, რაც სრულიად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც 1915 წლის მაისში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა მიიღეს. სომეხი ერის უფლებების აღდგენის საკითხები განხილული იყო 1919 წელს, პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე. სომეხთა გენოციდის ფაქტის დამადასტურებელი გარემოება გახლავთ აგრეთვე 1920 წლის სევრის ხელშეკრულებაც. სომეხთა გენოციდის ნიშნები სრულიად ემთხვევა 1943 წელს ებრაული წარმოშობის პოლონელი იურისტის - რაფაელ ლემკინის მიერ შემუშავებულ და 1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ 260A(III) რეზოლუციას, რომლითაც მიღებულ იქნა "კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ". აღსანიშნავია, რომ 1993 წლის 11 ოქტომბერს საქართველომ ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ "საქართველოს სომეხთა სათვისტომო"; საქართველოში სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი "ჰაიარტუნი"; საქართველოს სომხური ეროვნული კონგრესი; თბილისელ სომეხთა ასამბლეა; საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირი "ვერნატუნ"; საქართველოს სომეხთა სათვისტომოს სტუდენტთა ასოციაცია; საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული კავშირი; საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი; საქართველოს სომეხ ინტელიგენტთა კავშირი და საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირი.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეისათვის სომეხი ერის გენოციდი აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ სახელმწიფოსა, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს მიერ.
"აღსანიშნავია, რომ გასულ წლებშიც საქართველოს სომხურმა ორგანიზაციებმა, გენოციდის აღიარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ქვეყნის პარლამენტსა და მთავრობას, მაგრამ დღემდე მათი მოთხოვნა უპასუხოდ რჩება. ამ დროისათვის, სომეხთა გენოციდის განხილვის და აღიარების პროცესი რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს (აშშ, ბულგარეთი, ესპანეთი, ისრაელი)", - აღნიშნულია განცხადებაში.