უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე "ალიასთან" ინტერვიუში სკანდალურ დეტალებზე ჰყვება და აცხადებს, რომ დათა ახალაიამ თურქეთში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილზე სერიოზული კომპრომატები გადასცა.

ბაკურიძის თქმით, შეხვედრა დათა ახალაიასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თურქეთის ქალაქ არხავში შედგა, თუმცა, მისი თქმით, ზუსტად ვერ დაასახელებს, ვინ მონაწილეობდა შეხვედრაში ხელისუფლების მხრიდან: "გადავიდა დაბურულმინებიანი "ჯიპების" კორტეჟი,ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ დათა ახალაიას.კონკრეტულად ვერ გეტყვით აქედან ვინ გადავიდა,მაგრამ დანამდვილებით ვიცი,რომ დათა ახალაიამ მათ გადასცა ჩემოდნის ტიპის პორტფელი", - ამბობს "ალიასთან" ინტერვიუში ბაკურიძე.

არანაკლებ სკანდალურია ბაკურიძის მეორე ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ამ კომპრომატების სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს საქართველოდან გატანილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს, თუმცა, ბაკურიძე ვერც ამ შემთხვევაში ასახელებს თანხას, რომლის გადახდასაც, თითქოსდა, სააკაშვილს სთხოვენ. სამაგიეროდ, უფლებადამცველი ამბობს, რომ სააკაშვილი გადახდას არ აპირებს:

"სთხოვენ.ჩემი ინფორმაციით,არამხოლოდ მიშამ,სხვა ყოფილმა ჩინოვნიკებმაც უნდა დააბრუნონ რაც ქვეყნიდან აქვთ გატანილი.თურმე მიშა უარზეა,ერთ თეთრსაც არ გადავიხდიო,მაგრამ ალბათ მაინც დასთანხმდება,რადგან ივანიშვილის მთავრობას უკვე აქვს ძალიან სერიოზული კომპრომატები და მისი ერთ-ერთი ავტორი დათა ახალაიაა", - ამბობს ინტერვიუში ბაკურიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ნიუპოსტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ლიდერმა, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა არ გამორიცხა, რომ დათა ახალაიასთან დაკავშირებით ახალი ჭორები გავრცელდებოდა იმის შესახებ, თუ როგორ გაურიგდა კუდ-ის ყოფილი უფროსი ხელისუფლებას:

"შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ნებისმიერი ვარაუდი, ნებისმიერი ე.წ. სარწმუნო წყაროს ინფორმაცია ახალაიაების შესაძლო გარიგებაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, ასევე ნებისმიერ ვინმესთან, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის ხელისუფლებაში, ყალბია და სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს", - უთხრა ანი ნადარეიშვილმა "ნიუპოსტს".