ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩაზე N6 ბინაში მცხოვრები, 4 წლის თამარ ხუციშვილი 7 ივნისს გარდაიცვალა. პატარა თამარი მუდმივად ავადმყოფობდა. ოჯახი სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,გურია ნიუსი“ აქვეყნებს.
როგორც გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ,,გურია ნიუსთან“ აცხადებე, ისინი გამუდმებით ითხოვდნენ დახმარებას მთავრობისგან, თუმცა უარით ისტუმრებდნენ, რადგან მათ სოციალური დახმარება ჰქონდათ. თამარის დედამ დახმარება ახალ ხელისუფლებასაც თხოვა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე მას 100 ლარით დაეხმარა.
ხუციშვილების მეზობლების ერთი ნაწილი მშობლების უყურადღებობაზე საუბრობს, ნაწილი კი ხელისუფლებას ადანაშაულებს.

_100 ლარით დახმარებია გამგებელი, რაა 100 ლარი, ისეთ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს 100 ლარი ეყოფოდა? ან ნახეთ, როგორ სახლში ცხოვრობს, იატაკი აყრილია, ასჯერ ჩაცვივდნენ ბავშვები იქ. ეს არ შეეძლო მთავრობას რომ გაეკეთებინა? 200 ლარი ეყოფოდა? ბავშვი სულ ავადმყოფობდა, ჩვენ ვერ დავაბრალებთ მშობლებს, სულ დაჰყავდათ ექიმთან და მკურნალობდნენ, ახლა დახმარებია ვიღაც, თბილისიდან გამოუგზავნია ფული, გაზეთში დაიწერაო. ისე უხაროდათ მშობლებს, ახლა კიდევ თბილისში უნდა წასულიყვნენ და მოხდა ეს საცოდაობა.

_სამი დღე სიცხიანი ჰყოლია ბავშვი და ექიმთან არ წაუყვანია, ამას ჰქვია მშობლის უყურადღებობა. მოვიდა სასწრაფო და გარდაცვლილი დახვდა. ჩვენ, მეზობლებს რაც შეგვეძლო, ყველანაირად ვეხმარებოდით. თბილისში წასაყვანად გამგებელს მიუცია 100 ლარი, რომ ჩამოვიდა თბილისიდან, ჟურნალისტმა მოუტანა 200 დოლარიო. წაეყვანა დროზე ეს ბავშვი თბილისში, ამას ელოდებოდა? _ აცხადებენ "გურია ნიუსთან" მეზობლები.

"გურია ნიუსთან" გარდაცვლილი ბავშვის დედა თამარ ხუციშვილის დედა ჟუჟუნა ჭაღალიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
,, მე ვარ დედა და მე ვიცი ჩემს შვილს რა სჭირდებოდა. კვირას მიმყავდა თბილისში, რომ ორშაბათს იქ ვყოფილიყავი, სულ წამლებში მყავდა. აქაური ექიმები ვერაფერს უკეთებდნენ, თბილისში რომ ჩავიყვანე ერთი თვის წინ, გადაირივნენ იქ. იმდენი ჩირქი ამოუღეს ფილტვებიდან და ეს აქ ვერ მიხვდენ.
აქ მარტო ანთების ნემს უკეთებდნენ, მეტი არაფერი. რომ ჩამოვიყვანე, ინგალაციას ვუკეთებდი. თქვენ რომ დამეხმარეთ, თანხა რომ გამომიგზავნეს, იმით წამლები ვუყიდე, ნაწილით საჭმელი ვიყიდე და გზის ფული მქონდა შენახული, რომ ამ შაბათ -კვირას თბილისში ისევ წამეყვანა. ორი დღე ჰქონდა სიცხე, წუხელ გახდა ცუდად, წყალს მთხოვდა გამუდმებით, გათენებას დაველოდე, რომ ექიმთან წავიყვან -მეთქი, ამ დილას კი უფრო ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ.
რომ მოვიდა, ბავშვი უკვე მკვდარი იყო,“- ამბობს ჭაღალიძე.
დღეს, ოჯახში იმყოფებოდა ოზურგეთის რაიონული პოლიცია, რომელმაც მშობლები და ექიმი დაკითხა.