ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლის და, თამარ შენგელია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად შენგელია, კულტურის სამინისტროდან მის მიმართ განხორციელებულ ინტრიგებს ასახელებს.
ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" დირექტორმა თამარ შენგელიამ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს რამდენიმე დღის წინ მიმართა. როგორც "ივერონს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თამარ ჩიხლაძემ განუცხადა, იგი ამის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ თამარ შენგელია ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" დირექტორად კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ 2011 წლის ზაფხულში დანიშნა.

"ჩემსა და კულტურის სამინისტროს გარკვეულ ჯგუფთა შორის უკვე რამდენიმე თვეა უთანხმოება გრძელდებოდა. ბოლო დროს ჩემს მიმართ ინტრიგებიც ააგორეს, თითქოსდა ჩემი მისამართით სამინისტროში საჩივრები შედიოდა, სადაც ხელს 20-მდე პედაგოგი აწერდა. სინამდვილეში თითოეული პედაგოგი ბოდშს მიხდიდა, რომ მათ ხელი ისე მოაწერეს, რომ შინაარსიც არ იცოდნენ და მათ სულ სხვა შინაარსის წერილი გააცნეს... მოკლედ არ მინდა ამ ინტრიგებში მონაწილეობა მივიღო. დავწერე განცხადება წასვლის შესახებ. მე ნიკა რურუამ დამნიშნა ამ თანამდებობაზე და ალბათ ჩემი მოშორება უნდათ, რომ თავისი კადრით ჩამანაცვლონ. რამდენიმე დღის წინ, მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ შემომითვალა - "გინდათ გყავდეთ საყვარელი დირექტორი? სანამ თქვენი საყვარელი დირექტორი ეყოლება მაგ სკოლას, სამინისტროსგან არანაირ დახმარებას არ ელოდოთო" - განუცხადა "ივერონს" თამარ შენგელიამ

მისივე თქმით, "ნიჭიერთა ათწლედში" უამრავი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს და თუ მათ სამინისტრო გვერდით არ დაუდგება, მისი თანამდებობა არაფრად უღირს.

"სკოლას დაფინანსების გარდა, სამინისტროს ხელშეწყობა სჭირდება. ჩვენ მომავალ მუსიკოსებს და ხელოვნებს ვზრდით, მართალია დაფინანსება გაიზარდა, მაგრამ ბავშვების მომავალზე სამინისტროს ხელშეწყობაა საჭირო და ეს კულტურის სამინისტროს ვალდებულებაცაა, მაგრამ თუ ჩემი დირექტორობა ამ ბავშვების მომავალს ხელს შეუშლის, წავალ და დანიშნონ ვინც მათ სურთ", - აცხადებს თამარ შენგელია.

მისი თქმით, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მხოლოდ ერთხელ შეხვდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დაფინანსება 530 ათასი ლარით გაიზარდა, თუმცა, თუმცა დაფინანსება ურთიერთობისთვის მთავარი არ არის.

"მინისტრი ახალი დანიშნული იყო და მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი. ამ რვა თვის განმავლობაში რამდენჯერმე ვცადე მასთან გასაუბრება, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ვგრძნობდი, რომ მინისტრი ჩემთან შეხვედრას თავს არიდებდა. ერთხელ ხომ მაინც უნდა მოსულიყო სკოლაში ვინმე? შევემოწმებინე? ჩემი ორწლიანი მოღვაწეობა ხომ უნდა შეემეწმებინა სამინისტროს? ბადრი ბაგრატიონ - გრუზინსკიმ ყველა სკოლა მოიარა და რატომღაც ჩვენთან დღემდე არ მოსულა", - ამბობს "ივერონთან" საუბრისას თამარ შენგელია.

"ივერონი" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს თამარ ჩიხლაძესაც დაუკავშირდა. თუმცა იგი საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. როგორც ჩიხლაძე დაგვპირდა მას ამ კითხვებზე პასუხი ორშაბათს ექნებოდა.

იზა შაქარაშვილი