სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშალა. წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების ორგანოზატორები არიან საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა "დავითიანნი" და წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი". ერთ-ერთ კარავში "ბიბლუსს" მოწყობილი აქვს ღია ბიბლიოთეკა, სადაც წარმოდგენილია ყველა ჟანრის ლიტერატურა.
დღევანდელ ღონისძიებაზე მწერალ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას განიხილავენ.
სამების ტაძრის ეზოში ღონისძიების მონაწილეები უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისა და გურამ დოჩანაშვილის მისვლას ელოდებიან.
ღონისძიებაზე ლიტერატურული კლუბი "დალკი" გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებს "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" წაიკითხავს.
ამასთან, როგორც "ინტერპრენსიუსთან" საუბრისას მოძრაობა "დავითიანნის" წარმომადგენელმა, ხატია თორდუამ აღნიშნა, წიგნის 50-მდე მოყვარულს წასაკითხად გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები "მუსიკოსი" გადაეცემა, რის შემდეგაც, მოეწყობა კონკურსი და ნაწარმოების სიღრმისეული ანალიზისათვის წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" გამარჯვებულებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებით დაასაჩუქრებს.
წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, მარიამ წამალაშვილის განმარტებით, "ბიბლუსში" ყოველი შაბათი აქციის დღეა, რაც ავტორებთან შეხვედრებითა და ქიგნებზე ფასდაკლებებით გამოიხატება.
სამკითხველო კარვებში შეკრებილ მკითხველებს სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" მხარდაჭერას უცხადებს და მათ 100 ლანჩ-პაკეტს გადასცემს.