საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილის ექს–პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„გახსნილი რომ ყოფილიყო, გამოვაცხადებდი. რაც ფაქტებია ჩამოთვლილი, სიმართლეს არ შეესაბამება. ყოველ შემთხვევაში, გამოძიებით დადგენილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება. მე უკვე ვთქვი, რომ გარკვეული პროგრესია, თუმცა ჯერ გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

ცნობისთვის, გაზეთმა „ასავალ–დასავალმა“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე უკვე გახსნილია, თუმცა ძიების შედეგები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განსაჯაროვდება.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, „გამოძიების პროცესში ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობა გამოიკვეთა“.

როგორც „ასავალ–დასავალი“ წერს, ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრები საბურთალოს #53–ში ტელევიზორის ყუთით მიიტანეს. ამასთან, იმ პირთა შორის, რომელთაც ცხედრების ტრანსპორტირება მოახდინეს, იყო ექს–მინისტრი გიორგი ბარამიძე.

„ჟვანია სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში მოკლეს, სადაც მერაბიშვილი და ახალაიაც იმყოფებოდნენ. ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით და არსებობს ფარული ჩანაწერები, რომელზეც ისმის სააკაშვილის ხმა - "ახლა ეს გვამი წაიღეთ და როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გააკეთეთო",“– იუწყება გაზეთი „ასავალ–დასავალი“.