თამარ ოქრუაშვილი

ამ დაავადებას ''ალერსიან სიკვდილს'' უწოდებენ, აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ასევე, ''მშვიდად'' კლავს ადამიანს. ჩვენი რესპონდენტი, თავად ყოფილი დაინფიცირებული, საგანგაშო ვითარებაზე გვესაუბრება. რეალურად, რამდენი ''ცე'' ჰეპატიტიანი გვყავს და რატომ არ ცხადდება ეპიდემია?

''ალიას'' ქიმიკოსი დავით აზმაიფარაშვილი ესაუბრება:

- საქართველოსი არის ''ცე'' ჰეპატიტის საშინელი ეპიდემია. ეს ის ავადმყოფობაა, რომელიც მალე გაანახევრებს ქვეყნის მოსახლეობას. ამ ეპიდემიის შესახებ არავინ არაფერს ამბობს და ესაა საშინელება. 2010 წელს მე დამიდგინდა ეგ დაავადება. როგორ გადამედო, საიდან, არ ვიცი და ეგ არავინ იცის. ღვიძლის დაზიანების მესამე სტადია დამიფიქსირდა და მკურნალობის დაყოვნება იყო სიკვდილი.
- დაავადება რაზე შეამჩნიეთ?
- სასმელის დალევის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, ვერ გამოვდიოდი. მერე დამისივდა ფეხები და დამეწყო კრუნჩხვა. ლუდს ვსვამდი და ამ ლუდსაც ვერ ამუშავებდა ორგანიზმი, ტოქსინებს ვეღარ ერეოდა. რამდენჯერმე გამიმეორდა. ღვიძლი გავისინჯე და ყველა ფუნქცია აღმომაჩნდა ნორმაზე ორჯერ მომატებული, ეს იყო ''ცე'' ჰეპატიტი და სერიოზული დაზიანება ღვიძლის. მკურნალობა მინდოდა, მაგრამ დაიწყო სერიოზული ფინანსური პრობლემები. აღმოჩნდა, რომ ეს დაავადება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ცალკე მკურნალობა და ცალკე ტესტების გაკეთება. პირველადი ანალიზი, რითაც დაავადება დამიდგინდა, ღირს 32 ლარი. მომატებული მქონდა დიდი რაოდენობა ანტისხეულები და უკვე სხვა ანალიზია საჭირო ამის გამომმჟღავნებელი და ეს უკვე ღირს 240 ლარი.
- სისხლის საერთო ანალიზი ამ დაავადებას არ ამჟღავნებს?
- არ ჩანს, სანამ სპეციალურ ანალიზს არ ჩაიტარებ. მკურნალობა ისე არ დაიწყება, თუ ვირუსის კონცენტრაცია არ დადგინდა სისხლში, ეს ღირს 340 ლარი. ამის შემდეგ გეწყება, ფაქტობრივად, ქიმიოთერაპია, ეს არის უძლიერესი დარტყმა ორგანიზმზე, ფეხზე ვერ ვიდექი და ვიკეთებდი ინექციას, ესაა პეგლირებული ინტერფერონი, რომელიც ერთი ცალი ღირდა 500 ლარი და მინიმუმ 24 ინექცია გაქვს გასაკეთებელი. გავყიდე ამქვეყნად, რაც მქონდა ყველაფერი. 12000 დოლარი მარტო პრეპარატები ჯდება და ამას დაუმატეთ პერიოდული ანალიზების ფასი - 5000. მოკლედ, იყიდები. მე კიდევ კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდი, იოლად გამოვედი, ბევრი ავადმყოფი მკურნალობს და აქედან მხოლოდ 40% ჯანმრთელდება, გესმით? ამხელა თანხას იხდი, ასეთ ჯოჯოხეთს გადიხარ და შეიძლება, ოხრად დაგრჩეს ყველაფერი. ასე დაწვრილებით იმიტომ ვყვები, რომ თქვენმა მკითხველმა, ვინც არ იცის, გაიგოს რა პრობლემებს წააწყდება, ვისაც ''ცე'' ჰეპატიტი აღმოაჩნდება.
ეს დაავადება დღეს ნომერ პირველია საქართველოში. ფორუმზე ათასობით ადამიანი შემოდის ამ დაავადების მატარებელი. უკვე სათვალავი მაქვს არეული და ყველა კითხულობს, როგორ უშველოს თავს და რითი. დღეს იმის გარდა, რაც გითხარით, სხვა საშუალება არ არსებობს. არ დამავიწყდება, ერთი გოგო იყო თბილისელი, 34 წლის, ციროზი ჰქონდა ბოლო სტადიის. ეტყობა, ყველაფერი გაყიდა, რაც ჰქონდა და ბოლოს კომპიუტერიც მიაყოლა, რითაც გვეკონტაქტებოდა და საფრანგეთში წავიდა სამკურნალოდ. ვერ მოასწრო ღვიძლის გადანერგვა, ისე გარდაიცვალა მარტო და უპატრონოდ (ცრემლები ერევა). ''ფორუმელებმა'' შევუკრიბეთ ფული და ჩვენ ჩამოვასვენეთ.
- ამ ავადმყოფობას რა სიმპტომები აქვს?
- აბსოლუტურად უსიმპტომოა. ამას ''ალერსიან სიკვდილს'' ეძახიან მეორენაირად. ისე იშლება ღვიძლი, ვერაფერს გრძნობ. დასნებოვნება ხდება მხოლოდ სისხლით. ეს შეიძლება იყო ნარკოტიკებითაც და ამ დაავადების პირველი დიდი აფეთქება საქართველოში მოხდა აფხაზეთის ომის შემდეგ. ბლომად მომხმარებელიც იყო და გარდა ამისა, საველე სიტუაციაში ოპერაციების დროს დასნებოვნება დიდი იყო. მე ამას სამი წელია ყველანაირად ვსწავლობ და ვიცი, რომ ორჯერაც რომ ჰქონდეს გასინჯული ნარკოტიკი ტიპს, დიდი ალბათობით, მას უკვე აქვს ეს დაავადება, რაც 20 წლის შემდეგ მჟღავნდება. არც ყვითლდები, არც არაფერი გაწუხებს, მაგრამ ვირუსი შიგნიდან ღვიძლს გიჭამს. ღვიძლი კი მთავარი ორგანოა, ეგ ფილტრავს სისხლს. ერთადერთი სიპტომია, როცა უკვე ძალაში შედის ''ცე'' ჰეპატიტი, ესაა მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, მაგრამ ეს უბრალო გრიპს შეიძლება მიაწერო, როცა არ იცი. ამ დროს უკვე დაგვიანებულია, ესაა მუცელში სითხის ჩადგომა, ფეხების გასიება და ზურგზე ჩნდება გამონაყარი ვარსკვლავებივით.
- ვიცი, რომ ნარკომანებში ხშირია სხვადასხვა ვირუსების გადადება. ვინც ნარკომანი არ არის?
- გენეტიკურად მისი გადადება არ ხდება, მაგრამ ბევრი ვარიანტია. სტომატოლოგის დაუდევრობით ხდება დაინფიცირება, თუ კბილის ჯაგრისი შეგეშალა, ამითიც ხდება გადადება, ვისაც პაროდონტოზი აქვს, სალონებში დაუმუშავებელი მაკრატლით. საპარიკმახეროებში თუ ერთი მაინც შევიდა ვირუსიანი გასაპარსად, დანარჩენები დაინფიცირდებიან. შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით შეიძლება გადადება. ადვილად ეს ვირუსი არ კვდება, უაღრესად გამძლეა: ''აივ ინფექციაზე'' ათჯერ მეტად გადამდებია. სტომატოლოგთან ან ოპერაციისას იარაღები აუცილებლად ავტოკლავში უნდა გასტერილდეს, სხვა შემთხვევაში დამტკიცებულია, რომ 64 დღე ცოცხლობს ვირუსი.
ამერიკაში აბსოლუტურად ყველას აიძულებენ, ადრეული ასაკიდან მოყოლებული ამ ტესტის ჩატარებას, რაც ჩვენთან გამორიცხულია. ქუთაისში ამას წინათ საშინელება მოხდა: დიალიზის დროს დაინფიცირდა უამრავი ადამიანი, რაც ამ პროცედურის დროს ძალიან ხშირია. ეს არის სასიკვდილო ვირუსი. მე ისე შევშინდი ამ ჩემი დაავადების გამო, რომ ყველაფერი ვისწავლე და გავიარე. უამრავ დახურულ უცხოურ სამედიცინო საიტზე ვარ დარეგისტრირებული, ყველაფერი მაინტერესებს.
ჩვენთან როგორ არის საქმე იცი, ბევრმა არ იცის, რომ დაავადებულია, მაგრამ არიან ისეთები, უკვე მეოთხე სტადიები აქვთ ხალხს, გაქანებული ციროზი აქვთ, მაგრამ საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული? მე ვთვლი, რომ ჩვენთან ამ დაავადების ეპიდემიაა და ამას არავინ ამბობს. მთავრობას ოფიციალურად 2004 წლის სტატისტიკა აქვს დაფიქსირებული და ესაა 6,7%, რაც არის და ესეც ამოღებულია იმ მონაცემების მიხედვით, რაც გამოვლენილია. ვინც არ გასინჯულა? თავად ეს რიცხვი ძალიან მაღალია, ეს დაახლოებით 200000 კაცია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, გაცილებით მეტი ინფიცირებული გვყავს, თუმცა ახალი ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. პაკისტანში მოსახლეობის 3%-ია დაავადებული, მაღალი რისკ-ფაქტორის ქვეყნად არის დასახელებული და მსოფლიო ეხმარება.
- თუ ეს ეპიდემიაა, რატომ მალავს სახელმწიფო? როგორ შეიძლება ამისი დამალვა?
- იმიტომ, რომ არ შეუძლია სახელმწიფოს, დაფაროს მკურნალობის ხარჯები. პირველადი დიაგნოსტიკა მარტო 1000 ლარს აჭარბებს.
- ვინმეს ჯანდაცვიდან დაელაპარაკეთ?
- არავის, ვის დააჯერებ, რომ ასეთი სერიოზული სიტუაციაა.
- არ მაქვს თანხა, მაგრამ მაინტერესებს, მაქვს თუ არა ეს ვირუსი (პირი ქვისკენ მიქნია!), რა უნდა ვქნა?
- ერთადერთი შეღავათია, წერეთელზე არის ეროვნული სკრინინგ-ცენტრი, სადაც ერთი წელია, დაიწყეს უფასოდ გამოკვლევა ანტისხეულებზე და ეს არის პირველადი გამოკვლევა. მაგრამ მერე უნდა გაგრძელდეს კვლევა და კაცი როცა იგებს, რომ შემდეგი ანალიზი ღირს 240 ლარი, ხელს ჩაიქნევს. აგრძელებენ სმას და ალკოჰოლი არის ამის პირველი მტერი, არაყი ანგრევს ორგანიზმს.
- დაზღვევაში შედის ამ ვირუსის გამოკვლევა?
- არ შეიტანეს. ისევ და ისევ ძალიან ძვირი რომ ჯდება, იმიტომ. ციხეებში უნდა დაეწყოთ მკურნალობა, მაგრამ იქ ხელის შეწყობა უნდა, კვება უნდა, აქვთ ამდენი საშუალება? ახლა თუ დაავადებულია კაცი და ფული არ აქვს, ციხე როგორ ინატროს? მე მგონია, სახელმწიფო პრესტიჟს უფრთხილდება და ეპიდემიას იმიტომ არ აცხადებს.
- რა შუაშია პრესტიჟი, როცა ხალხი იხოცება?
- მაგიტომ დაგთანხმდით და მოვედი თქვენთან ინტერვიუზე, რომ ატყდეს ამბავი. ვიცი, ''ალიას'' რა ძალაც აქვს და თუ ვაღიარებთ, რომ მძიმე მდგომარეობა გვაქვს, სხვა ქვეყნებში არსებობს დახმარების პროგრამები და იმ პროგრამებით უფასოდ დაგვეხმარებიან დიაგნოზის მხრივაც და მკურნალობის მხრივაც. უბრალო ხალხზე ვამბობ, თორემ ვინც ფულიანია, თავს უშველა, ჩაიტარეს უძვირესი მკურნალობა. ჩვენისთანებმა რა ქნან? მე გავყიდე ყველაფერი და ბევრს გასაყიდიც არაფერი აქვს და იმან რა ქნას? დღეს რომ მელაპარაკება ფორუმზე დაავადებული ადამიანი, გავიხედავ და გაქრება და მერე ვიგებ, რომ გარდაიცვალა. ამას უნდა ეშველოს.

რას აცხადებს ოფიციალური მხარე?
დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი:

- ჩემთვის ცნობილია რაოდენობა, დავირუსებული 200000 ადამიანია, რაც დარეგისტრირებულია. ეპიდემიის გამოცხადება ასე არ ხდება, რასაც თქვენი რესპონდენტი ამბობს. სახელმწიფოს ასეთი რამ აქვს გათვალისწინებული: თუ ''ცე'' ჰეპატიტიანი ავადმყოფი სტაციონარს საჭიროებს, მაშინ დაუფინანსდება სახელმწიფოსგან 50% ხარჯებისა და გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ცნობილ ''როშესთან'', რომ აქ დაიწყოს წამლების წარმოება და ეს 4-ჯერ შეამცირებს მკურნალობის ხარჯებს, რადგანაც ძირითადად, მედიკამენტებია უძვირესი.

გაზეთი ალია