ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში 26 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მეტი სიცხადის მიზნით განცხადებას ავრცელებს.

„შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქონლის იმპორტის გადასახადით დაბეგვრა დამოკიდებულია მის სასაქონლო კოდზე. ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ინდმეწარმე ჯამბულ აბულაძის მიერ შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში სასაქონლო კოდი და წონა არასწორად იყო მითითებული, აღნიშნულის დადგენისათვის დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. ბრძანება - საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების შესახებ წინასწარ ჩაბარდა ჯამბულ აბულაძის მეუღლეს, გაგზავნილ იქნა საქართველოს ფოსტით და აიტვირთა პირის ელექტრონულ მისამართზე. წონისა და კოდის დადგენის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულია დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქონლის (ლითონის ასაწყობი კონსტრუქცია - ერთი ერთეული) სპეციფიკიდან გამომდინარე, ის განხილულ იქნა, როგორც საკვლევი ნიმუში, შესაბამისად, საჭირო გახდა ზემოაღნიშნული კონსტრუქციის დემონტაჟი და გაფორმების ორგანოში წარდგენა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ იმ საქონლის შემოტანა, რომლის წარმოშობის ქვეყანა თურქეთია, რაც დადასტურებული უნდა იყოს წარმოშობის სერტიფიკატით (EUR.1). ინდ/მეწარმე ჯამბულ აბულაძის მიერ საქონლის დეკლარირებისას წარმოშობის სერთიფიკატი წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, მასზე საგადასახადო შეღავათი ვერ გავრცელდებოდა.

ამჟამად, დასრულებულია შავი ლითონის კონსტრუქციის (მინარეთი) სრულყოფილი სასაქონლო ექსპერტიზა (წარმოდგენილი კონსტრუქციის სასაქონლო კოდი არის 73089099000 - იბეგრება იმპორტის გადასახადით 12%, ნაცვლად დეკლარირებული 94060038000 კოდისა, რომელიც არ იბეგრება იმპორტის გადასახადით, ხოლო წონამ შეადგინა 2940 კგ ნაცვლად დეკლარირებული 2700 კილოგრამისა) და უბრუნდება მესაკუთრეს.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, ცალსახად ადასტურებს, რომ მინარეთის კონსტრუქციის დაბრუნება შემოსავლების სამსახურის ხარჯებით ხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.