შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მარიამ ჯაშის განცხადებით, ქვეყანაში სულ მცირე 3 დონის სამშობიარო სახლი უნდა არსებობდეს და პაციენტის მიღება და მართვა ორსულთა და ახალშობილთა რიკის შეფასების მიხედვით უნდა ხდებოდეს. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო ამ სისტემაზე მუშაობს და წლის ბოლოს რეგიონალიზაციის გეგმა მზად იქნება.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი რომელიც დგას, არის სამშობიარო სახლების დონეების განსაზღვრა და ე.წ. რეგიონალიზაცია. მსოფლიო პრაქტიკაა, არსებობდეს სულ მცირე 3 დონის სამშობიარო სახლი და ორსულთა და ახალშობილთა რიკის შეფასების მიხედვით უნდა ხდებოდეს პაციენტის მიღება და მართვა. გაურთულებელი ფიზიოლოგიური მშობიარის მიღება შესაძლებელია საბაზისო პირობების მქონე სამშობიარო სახლებში, მაგრამ როგორც კი დგება მაღალი რისკის ორსულის მართვის საკითხი, უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც უზურნველყოფს შესაბამისი მეორე ან მესამე დონის სამშობიარო სახლში გადაყვანას. ეს სისტემა არ მუშაობდა ბოლო წლების მანძილზე, ყოველ შემთხვევაში, დღემდე არსებული რეფერალი მნიშვნელოვან დახვეწას მოითხოვს და ამ კუთხით ვმუშაობთ, რომ მოხდეს თითოეული სამშობიარო სახლის რეალური შეფასება. ამ რეკომენდაციების მიხედვით, წლის ბოლოს დაიდება რეგიონალიზაციის გეგმა. ყველას მიეცემა შესაბამისი რეკომენდაცია, რომელი დონის კლინიკის მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, მომავალ კვირას იგეგმება ყველა სამშობიარო სახლის ხელმძღვანელთან შეხვედრა: „გვინდა, 6 თვის მუშაობის შედეგები შევაჯამოთ და შემდეგ თითოეულ სამშობიარო სახლში დაგეგმილია შეფასება, რომელიც დამატებით ინფორმაციას მოგვცემს არსებული სამსახურების ხარისხზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, წნორში, „დემეტრაშვილების სამშობიარო კლინიკაში“ მშობიარე ქალი, 33 წლის ცირა თავართქილაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, კლინიკაში საკეისრო კვეთის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკა და პირობები არ არსებობდა, რაც მათ დაუმალეს. ცირა თავართქილაძის მეუღლის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ მას ავადმყოფის სხვა კლინიკაში გადაყვანის უფლება არ მისცეს. მარიამ ჯაშის განცხადებით, წნორში მდებარე „დემეტრაშვილების“ კლინიკაში, სპეციალური კომისია შესაძლოა ხვალვე შევიდეს და შესწავლა მაქსიმალურად სწრაფად მოხდება.