თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკ ტუღუშთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ განმარტეს თუ რა ვითარებაა რეალურად, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ბინით უზრუნველყოფის საკითხში. "სამინისტროში არ არსებობს არცერთი საბუთი გამოცემული წინა მინისტრის ან მინისტრების დროს, რომლითაც დასტურდება, რომ ტუღუშს უნდა მიეღო ბინა, რომ ამ საკითხზე დაწყებული იყო მუშაობა თავდაცვის სამინისტროში. გარდა ამისა, ის არ არის არცერთ მომლოდინეთა სიაში. ტუღუშის ბინაზე მუშაობა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როდესაც ის ჩამოვიდა შვებულებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენ მას ვთხოვეთ დაეწერა პატაკი ბინასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური მხარე მთლიანად მოწესრიგებულიყო. ტუღუშმა პატაკი 9 სექტემბერს დაწერა და 10 სექტემბერს უკვე გაიმართა სხდომა, რომელზეც მისი ბინის საკითხი გადაწყდა - გადაწყდა, რომ ის უნდა იყოს ბინით დაკმაყოფილებული და ამაზე იზრუნებს თავდაცვის სამინისტრო", განაცხადა ქაროსანიძემ.
მინისტრის მოადგილემ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა. „არ იყო დადგენილი ობიექტური კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გადანაწილდებოდა ბინები. ასეთი კრიტერიუმები დღეს უკვე დადგენილია. პირველ რიგში ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. მეორე, ჩვენთან პრიორიტეტი ენიჭება მძიმედ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს. შემდეგ ბინები გადანაწილდება ნამსახურეობის მიხედვით. ყველა მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე იქნება ბინებით დაკმაყოფილებული.
ვიცე-პოლკოვნიკი აქ შვებულებით არის ჩამოსული. ის ესწრება ხოლმე შეკრებებს, სადაც ზოგადად საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები აწუხებთ, რა მოთხოვნები აქვთ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. ამ პრობლემებზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო. ფაქტიურად ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები. ამ შეხვედრებზე ხდება თითოეული იმ საკითხის და პრობლემის მოგვარება, რომელსაც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები სვამენ - იქნებიან ესენი აშშ-ში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები თუ საქართველოში იმყოფებიან.
ბინების გადაცემას რაც შეეხება, ადრე რამდენჯერმე ლოტოტრონით მოხდა ბინების განაწილება. ოღონდ ისე, რომ საბუთი არ იყო გამოცემული, რის საფუძველზეც ეს ბინები სამხედრო მოსამსახურეებს უნდა მიეღოთ. მათ რეალურად ფურცლები დაურიგდათ, სადაც მითითებული იყო რომელ სართულზე რომელი ბინა უნდა მიეღო. მაგრამ ეს ფურცლები არ არის ოფიციალური დოკუმენტი. რაც შეეხება ვარკეთილის ტერიტორიაზე არსებულ ბინებს, იქ მიდის სარემონტო სამუშაოები. სანამ სარემონტო სამუშაოები არ დასრულდება, ვერ ჩაიბარებს ამ ბინებს თავდაცვის სამინისტრო და ვერც საკუთრებაში გადასცემს სამხედრო მოსამსახურეებს. თუმცა, სიაზე მუშაობა მიდის, რომ ის კატეგორიები, რომლებზეც ვისაუბრე - დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებმა, მძიმედ დაჭრილების ოჯახებმა, მიიღონ ბინები, როგორც კი ისინი დასრულდება“, - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.
როგორც გამოსვლის დასასრულს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამხედრო ქალაქში არც კორპუსების მშენებლობა და არც სარემონტო სამუშაოები არ გაჩერებულა. თამარ ქაროსანიძის განცხადებით, უწყებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ ტუღუშის ბინით დაკმაყოფილების შესახებ არანაირი ბრძანება არ არსებობს.
ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებაზე ისაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ: „როგორც არაერთხელ ითქვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბებულია კომისია, რომელიც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარებას ითვალისწინებს. კომისიას თავდაცვის მინისტრი უშუალოდ კურატორობს. კომისიის ამოცანა არის არა მარტო ფიზიკური, არამედ სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს დაჭრილ მებრძოლებს, რათა მათ საზოგადოებაში სრულფასოვანი ადაპტირება შეძლონ. აღნიშნული ითვალისწინებს როგორც ფიზიკურ მკურნალობას, ასევე სოციალურ დახმარებას, დასვენებას და, რა თქმა უნდა, სოციალური პირობების გაუმჯობესებას - მათთვის ერთ-ერთი დახმარების სახით ბინების გადაცემას. აღნიშნული ყველა სამხედროსთვის ცნობილია. ეს ბინები გადანაწილებულია და გადაეცემა ყველა დაჭრილ სამხედროს, მხოლოდ ყველა კანონის დაცვით, რაც ამ შემთხვევებში არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება სამხედროებს, რომლებიც ამერიკაში იმყოფებიან, ბატონი ტუღუში უშუალოდ თავად არის კოორდინატორი აშშ-ში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების საკითხში. მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ გაეგო ინფორმაცია, რაც საჭიროა გადასცეს მათ. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ამ კატეგორიაში იმყოფება ჩვენი პრიორიტეტია. ეს დაჭრილები უშუალოდ ამ კომისიაში აქტიურად არიან ჩართულნი, ვინაიდან მათზე უკეთ არავინ იცის რა არის მთავარი პრობლემა.
ამის გარდა, არა მარტო ბინების გადაცემა არის გათვალისწინებული, არამედ ამ ბინების ადაპტირება მათი ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისად. ეს ყველაფერი მიმდინარე პროცესია და ძალიან მოკლე ხანში ყველა ეს პიროვნება მიიღებს კუთვნილ ბინას.
რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს ამ მიმართულებით აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. ამერიკის მხარე სრულად ანაზღაურებს მათი მკურნალობის ხარჯებს. მკურნალობენ საუკეთესო ჰოსპიტალებში. ჩვენი მხრივ, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ კერძო კლინიკებშიც კი, უმკურნალოს ჩვენს დაჭრილებს", - განაცხადა მან.