გადაცემის ეთერში გასვლიდან ორი კვირის შემდეგ გადავწყვიტე, დამეწერა შიდაპოლიტიკურ ამბებზე იმ გადაცემების მიხედვით, რომელიც უკვე გავიდა ეთერში. დავიწყებ იმით, რომ არასოდეს, არც ერთი ეთერის წინ ისე არ მინერვიულია, როგორც ამჯერად.

არ ვიცი, იმის გამო, რომ სამწლიანი სატელევიზიო პაუზა მქონდა, თუ იმიტომ, რომ სრულიად უცნობ არხზე ვიწყებდით. პირველივე სტუმარი, რომლითაც "დიდი პოლიტიკის" გახსნა მინდოდა, ჩამივარდა. მითხრეს, რომ ჩემს გადაცემებს ჯერ დააკვირდებიან და მერე გადაწყვეტენ, გამოუშვებენ თუ არა ეთერში. გამიკვირდა, მეწყინა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. მოკლედ, გიორგი მარგველაშვილისგან უარი მივიღე. მეორე ადამიანმაც, ვისთანაც მოლაპარაკება ვცადე, ასევე თავი შეიკავა. მეორე მცდელობა მთავარ პროკურორთან მქონდა. კბილაშვილის პასუხი იყო, რომ დიდი ხანია „მაესტროსთვის“ ჰქონდა პირობა მიცემული და ამ პირობას არ დაარღვევდა. გავიგე მიყვარს, როცა რესპონდენტი პატივს სცემს ჟურნალისტს და დაპირებულ ექსკლუზივს აძლევს, თუმცა კბილაშვილის შემთხვევაში სხვა რამემ დამაბნია. მითხრა, რომ მან გადაცემაში სტუმრობა პრემიერის პრესსამსახურთან უნდა შეათანხმოს. ძალიან გამიკვირდა. ორი ამაო მცდელობის შემდეგ, დიდხანს ვფიქრობდი, ვინ მომეწვია პირველ სტუმრად და თეა წულუკიანს შევთავაზე. არასდროს დამავიწყდება, რომ მას არავისთვის უკითხავს ნებართვა, მოსულიყო თუ არა. თავადვე გადაწყვიტა. ეთერი გამოვიდა ძალიან საინტერესო და მე სულ მემახსოვრება, რომ სამი წლის შემდეგ პირდაპირ ეთერში მისი სტუმრობით დავბრუნდი. გადაცემა დაიწყო თუ არა, მის პირველივე პასუხზე მივხვდი, რომ ეთერი შედგა არ მოუთხოვია არანაირი პირობა გადაცემის წინ...

ამ ორკვირიანმა ყოველდღიურმა ეთერმა ჩემი დასკვნები გამაკეთებინა მთავრობის წევრებზე. ვინ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მედიასთან ურთიერთობაში და ვინ – ვერა. მარგველაშვილისა და კბილაშვილისგან განსხვავებით, წულუკიანი, ალასანია, ზაქარეიშვილი, სუბარი, როგორც ჩანს, არავის უთანხმებენ ტელეეთერში გამოსვლას... არავის უთანხმებს ღარიბაშვილი. თითოეული მინისტრის "დიდი პოლიტიკა" ძალიან საინტერესო გამოვიდა და თითოეულის განცხადებები დღეების განხილვის საგანი იყო. ამასობაში კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე – აშკარა დაპირისპირება მთავრობის გავლენიან ფიგურებს შორის და აშკარა დისონანსი "ნაციონალურ მოძრაობაში". ყველაფერი ჯიჰადის ცნობილი კლიპის გარშემო გამოიკვეთა, როცა ორშაბათის გადაცემაში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ არ იცოდა, რა ეტაპზე იყო ამ საქმეზე გამოძიება და პირდაპირი ეთერიდან შეუთვალა ღარიბაშვილს, რომ, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო დროზე ვერ გამოიძიებდა, ის, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, თავად დაიწყებდა საქმის გამოძიებას. ალასანიას ამ განცხადებიდან ზუსტად ორ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯიჰადის ვიდეოს საქმე გახსნილად გამოაცხადა. საღამოს კი ირაკლი ღარიბაშვილმა იმავე სტუდიიდან უპასუხა ალასანიას, რომ, თუ აინტერესებდა, შეეძლო, აქამდე ეკითხა მისთვის და ინფორმაცია ამ გამოძიების შესახებ თავდაცვის მინისტრს ერთი თვის წინ ექნებოდა. ირაკლი ალასანიას ამაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა ამ ამბავმა ღიად აჩვენა, რომ მოარული ხმები ღარიბაშვილ-ალასანიას დაპირისპირებაზე მხოლოდ კულუარული ჭორები არ არის... როგორც წესი, უშიშროებაგამოვლილი სტაჟიანი დიპლომატი ალასანია შემთხვევით არასდროს არაფერს ამბობს და სავარაუდოდ, არც ღარიბაშვილის მისამართით ნათქვამი ფრაზები იყო შემთხვევითი. შესაბამისად, შეკითხვაც: შესაძლოა თუ არა, ახალი პრემიერის კაბინეტში ირაკლი ალასანია ვერ ვიხილოთ? სრულიად ლეგიტიმურია. მით უფრო,თუ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.

ჯიჰადის ვიდეოს საქმემ გამოკვეთა დისონანსი "ნაციონალურ მოძრაობაშიც". მაშინ როცა მთელი დღის განმავლობაში ნაციონალები ამ გამოძიებას სიცრუესა და ტყუილს უწოდებდნენ, სრულიად მოულოდნელად, დედაქალაქის მერმა, რომელმაც პირველად სწორედ "დიდ პოლიტიკაში" განაცხადა, რომ ისევ აპირებს კენჭისყრას მერის პოსტზე, დღის ბოლოს თქვა, რომ ღარიბაშვილის გახსნილ საქმეში ეჭვი არ შეაქვს და, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მას ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ უნდობლობა არ გასჩენია. ამ განცხადების შემდეგ, ასევე ბუნებრივად გაჩნდა კითხვა გიგი უგულავას გარშემო. მთელი დღის მანძილზე, თანაპარტიელებისგან ამ გამოძიების მიმართ გამოხატული უნდობლობის ფონზე, რატომ მაინცდამაინც უგულავამ გადაწყვიტა, ღიად დაეჭირა მხარი ღარიბაშვილისთვის. არის თუ არა შანსი, სააკაშვილის წასვლის შემდეგ უგულავასა და ნაციონალების გზებიც გაიყაროს... მით უფრო, თუ ის მართლაც აპირებს მონაწილეობას მერის არჩევნებში 2014 წლის ზაფხულში და მით უფრო, თუ, როგორც ზევით უკვე დავწერე, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება. ეს, ალბათ, შემდეგი კვირის "დიდი პოლიტიკის" კითხვებია.