16 წლის გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახს ციხის სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეო-მასალას დღეს უჩვენებენ. ვიდეოს ნახვის შემდეგ დაინიშნება ექსპერტიზა იმის დასადგენად, არის თუ არა კადრები უწყვეტ რეჟიმში გადაღებული.

დამოუკიდებელ ექსპერტს კი დასკვნა რამდენიმე დღეში ექნება, რომელსაც ოჯახს წარმოუდგენს. მაია ნიკოლეიშვილს კვირას ოჯახის წევრებთან ერთად საშუალება ჰქონდა საკანი დეტალურად დაეთვალიერებინა, სადაც პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. ამავე დროს პატრიარქმა ძველაიების ოჯახს მისცა გარდაცვლილისთვის წესის აგების უფლება. როდის დაკრძალავენ 16 წლის დაღუპულ მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"გუშინდელმა დღემ მოგვცა ძალიან ბევრი ინფორმაცია, გარდაცვალების გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, რაც აუცილებლად მიმაჩნდა. რამდენიმე დღეა საჭირო, რომ დასკვნა დავწეროთ და ეს ყველაფერი იქ იქნება. პირადად ჩემთვის უკვე ყველაფერი აწყობილია, მაგრამ მე არ მინდა ეს ჯერ გავასაჯაროვო, იმიტომ რომ წესი არის, დამკვეთი ოჯახია და უკვე მისი სურვილის მიხედვით მოხდება ყველაფერი",- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.