2013 წლის ბოლოდან, მოსახლეობას საშუალება ექნება, მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბაროს, ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო კობახიძემ მიაწოდა.

ნინო კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გამოცდას ჩააბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, მას უფლება ეძლევა მართოს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მოქალაქეს უფლება აქვს მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად სიახლის დანერგვას გეგმავს, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მართვის მოწმობაში მიეთითება მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. მართვის მოწმობაში, სისხლის ჯგუფის და რეზუსის აღნიშვნა, ამ ეტაპზე ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.

სისხლის ბანკის დახმარებით, როგორც პრესკონფერენციაზე ნინო კობახიძემ განაცხადა, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსდება ლაბორატორია, სადაც უახლოეს მომავალში მსურველებს საშუალება ექნებათ მართვის მოწმობის აღებისას უფასოდ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი სისხლის ჯგუფისა და რეზუსის შესახებ, ხოლო დონორობის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ ჩაიტარონ უფასო გამოკვლევა ოთხი სახეობის ვირუსზე.

2014 წლიდან შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად საჯარო სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების სწავლების შემოღებას გეგმავს. დღეისათვის აღნიშნული საგანი ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლება და მისი სწავლა ნებაყოფლობითია, 2014 წლიდან კი, აღნიშნული საგანის სწავლება უფროს კლასებში უკვე სავალდებულო გახდება.

ამის გარდა, როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მომსახურების სააგენტო რამდენიმე ახალ სიახლესაც ნერგავს. მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან, მომსახურების სააგენტომ მომხმარებელს შესთავაზა განახლებული ვებგვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სააგენტოს მიერ გაწეული სხვადასხვა მომსახურებისა და სიახლეების შესახებ. აღნიშნული ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ელექტრონული მომსახურებით სარგებლობა. უახლოეს მომავალში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირებს საშუალება ექნებათ ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობისა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა, ან დაკარგულის აღდგენა. ვებგვერდის საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნის სერვისის შეთავაზებაც.