ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ფიქრობს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება პროფესიონალი დამნაშავეების მიერ დაგეგმილი მკვლელობაა. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ესაუბრა.
„ჟვანიას მკვლელობა იყო „გენიალურად“ დაგეგმილი და განხორციელებული სასტიკი დანაშაული, როგორიც მხოლოდ პროფესიონალ დამნაშავეებს შეუძლიათ. ეს დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებას ჟვანიას მკვლელებზე საკუთარი დასკვნა უკვე დიდი ხანია გაკეთებული აქვს, დარწმუნებული ვარ, გამოძიების საბოლოო შედეგები მაინც მეხის გავარდნასავით იქნება. ამის მომდევნო პროცესს, მკვლელების დასჯას კი ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. შევარდნაძის განცხადებით, ჟვანიას მკვლელობა, ლაფანყურის სპეცოპერაცია, აგვისტოს ომი, 7 ნოემბერი, 26 მაისი იმდენად მასშტაბური დანაშაულებებია, სხვა დანაშაულებებს რომ თავი დაანებონ, მაინც აშკარაა, რომ მალე უპრეცედენტო, საუკუნის სასამართლო პროცესის მომსწრენი გავხდებით.