„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თელავში, ნადიკვრის #8–ში მდებარე ოფისში პოლიციაა შესული.

პარტიის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, პოლიციელებს სასამართლო გადაწყვეტილება არ გააჩნიათ, ხოლო მოტივად ექსპერტიზის ჩასატარებლად აზომვითი სამუშაოები სახელდება.

„მათი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ვინმე გია სესიტაშვილის განცხადების საფუძველზე, თითქოსდა პარტიამ აიძულა იგი, ფართი გაეყიდა. ჩვენის მხრივ, გვინდა, განვმარტოთ, მ.პ.გ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული ფართი კანონის სრული დაცვითა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ზემოხსენებული პიროვნებისგან მართლაც შეიძინა 2006 წელს. არც მაშინ და არც მას შემდეგ რაიმე სახის პრეტენზია ამ პიროვნებას არ ჰქონია.
საყურადღებოა, რომ გია სესიტაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი აქტივისტია. ყოველივე ეს ნათელყოფს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ეს არის თვითმმართველობის წევრებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სათავე ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დაედო და რომელიც პოლიციის, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხორციელდება.
როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს მიერ გამოთქმული ვარაუდი პოლიტიკური ზეწოლის ახალი ტალღის შესახებ მართლდება. ამასვე გვაფიქრებინებს ახლადარჩეული პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან წარმოთქმული მუქარა, რომელიც მისდამი კრიტიკული კითხვების საპასუხოდ გაისმა.
ეტყობა, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება ვერ ეგუებიან ქვეყანაში განსხვავებული აზრის არსებობას და კვლავაც განაგრძობენ ძირითადი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას“,– ნათქვამია განცხადებაში.