როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ "პირWელის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურა სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების საქმეს შეისწავლის, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი და თბილისის მერი ფიგურირებენ.

"დღეს მზადდება დოკუმენტები, რომლებიც სავარაუდოდ, უკვე ოთხშაბათს გაეგზავნება მთავარ პროკურორს. ეს არის ის ახალი შემთხვევები, რომლებიც ჩვენ დამატებითი შესწავლის შედეგად გამოვკვეთეთ, თუმცა იქამდე გაგზავნილია ათეულობით საქმე, რომელიც ეხება ქონების ჩამორთმევის საკითხს. ერთ-ერთი არის, რიყის ტერიტორიაზე კერძო საკუთრების ჩამორთმევის და ხელყოფის ფაქტები, რომელიც მესაკუთრის საჩივრის საფუძველზე იქნა შესწავლილი. ასევე ჭრელი აბანოების საქმე. ეს მასალები გაგზავნილია. რაც შეეხება დამატებით, სექტემბერ-ოქტომბერში მიღებულ საქმეებს, რომელიც ეხება კოჯრის მოსახლეობის განცხადებას და სადაც მითითებულია ფაქტები, თუ როგორ ხდებოდა საკუთრების ხელში ჩაგდება. სახელდებიან ყოფილი თანამდებობის პირები. ასევე ერთი საქმე ეხება ნავთობკომპანიის ხელმძღვანელს, რომელიც ასახელებს კონკრეტულ პირებს და მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის გარემოცვას, მისი ოჯახის წევრებს, რომელთაც თავისი ბიზნესის ხელყოფას უკავშირებს და მოითხოვს ამ ფაქტებზე ჩატარდეს გამოძიება", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საქმე ეხება გორში სააქციო საზოგადოება "იავნანას", რომელიც ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს უსასყიდლოდ გადაეცათ და "აქაც კონკრეტული პირები სახელდებიან, მათ შორის გუბერნატორის მოადგილე ბატონი ბასიშვილი."

"ჩვენ ჩავატარეთ შესწავლა და იკვეთება დანაშაულის ნიშნები, სადაც უშუალოდ სახელდება როგორც ყოფილი პრეზიდენტი, ასევე მისი გარემოცვა, ქალაქის მერი. აშკარად არის, სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების და ხელში ჩაგდების მიზნით სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო გარიგებები, რომლითაც რამდენიმე მილიონიანი ზიანი მიადგა ბიუჯეტს და კონკრეტულ მოქალაქეებს ამ ფაქტებს ალბათ, შეისწავლის პროკურატურა და ჩვენ მონიტორინგს განვახორციელებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ბესელიამ.