პენიტენციალურ სისტემაში უფასო მკურნალობა, ,,ცე’‘ ჰეპატიტის მკურნალობას სამოქალაქო სექტორშიც გააიაფებს!

ციხეებში ,,ცე’‘ ჰეპატიტის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა განაცხადა, ქალთა დაწესებულებაში დაავადების მატარებელი 17% აღმოჩნდა, ხოლო პატიმართა კიდევ ერთ ჯგუფში, რომელსაც სოზარ სუბარი არ ასახელებს, ვირუსის მატარებელი 50%-ზე მეტია დაფიქსირებული, ამიტომაც ციხეებში ,,ცე’‘ ჰეპატიტის უფასო მკურნალობა იწყება. „ცე’‘ ჰეპატიტთან დაკავშირებით პროგრამა შემუშავებულია, სკრინინგი დაწყებულია. მინისტრის თქმით, ტენდერის ტექნიკური დეტალები მალე დაზუსტდება, თვის ბოლომდე ტენდერი დასრულდება და ,,ცე’‘ ჰეპატიტის სამკურნალო წამლის ფასი იქნება არსებულზე მინიმუმ სამჯერ ნაკლები. ტენდერში მიბმულია ვალდებულება და გარდა იმისა, რომ ათასი პატიმარი პაციენტისთვის ვყიდულობთ შედარებით დაბალ ფასად წამალს, კომპანიამ ეს წამალი სამოქალაქო სექტორისთვისაც იმავე ფასად უნდა გაყიდოს. ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორშიც, დაახლოებით, 70%-ით გაიაფდება ,,ცე’‘ ჰეპატიტის მკურნალობა. სუბარის თქმით, საქართველო შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც აღნიშნული წამალი ყველაზე ძვირია და შეადგენს 235-260 დოლარს. ამ სფეროში არსებულ რეალობასა და მოსალოდნელ შედეგებზე, „ვერსია“ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრს, მარინა ბერაძეს ესაუბრება.
_ ქალბატონო მარინა, რამ მიგვიყვანა კატასტროფულ მდგომარეობამდე, როცა პატიმართა ერთ კატეგორიაში ,,ცე’‘ ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი 50%-ს აღემატება?
_ სასჯელაღსრულების სისტემაში ,,ცე’‘ ჰეპატიტით ავადობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ არ ვიცით, ზოგადად, მოსახლეობაში როგორი სურათი გვაქვს. ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი იმის გამო გახდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში სწორი რეფორმები დაიწყო და ისინი პრობლემების გადაჭრაზე ანუ პაციენტების მკურნალობაზე გადავიდნენ. ბოლო წლებში, ქვეყანა ჯანდაცვის კუთხით იმდენად არასწორ ნაბიჯებს დგამდა, რომ ეს, რასაკვირველია, მოსახლეობასა და ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახებოდა. არ არსებობს ორგანო, რომელიც მოსახლეობის გამოკვლევით, დაავადებების შესწავლით იქნება დაკავებული, მაგალითად, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური, რომელიც არა მხოლოდ ,,ცე’‘ ჰეპატიტს, ტუბერკულოზსა და კიდევ სხვა დაავადებებს საწყის ეტაპზე უნდა იკვლევდეს. ასეთი მაჩვენებელი სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ არასოდეს ხდებოდა პროფილაქტიკური გასინჯვა. ეს არამარტო პენიტენციალურ სისტემაში მყოფებს, მთელ მოსახლეობას უნდა უტარდებოდეს, მაგრამ მათ ამ გზით მუშაობა დაიწყეს და ვიცით, რომ პროგრამა უნდა ამოქმედდეს. ამიტომაც სჭირდებოდათ ცოდნა, ზუსტად რამდენი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამაში.
_ მეტი ინფორმირებისთვის, რა იწვევს ,,ცე’‘ ჰეპატიტს?
_ ინფექციის გავრცელების უამრავი მიზეზი არსებობს. ხელისუფლება იმიტომ შეიცვალა, რომ ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობა პენიტენციალურ სისტემაში იყო არა მხოლოდ სამართალდარღვევების, წამების, არამედ ჯანმრთელობის სამსახურების ცუდი მუშაობის თვალსაზრისით. ექიმები პაციენტს არ ეხმარებოდნენ, ჯანდაცვის სამსახური კიდევ ერთი, დამატებითი დამსჯელი რგოლის ფუნქციას ასრულებდა. ჩვენ ორი, ყველაზე მძლავრი მკვლელის არსებობის შესახებ გვქონდა ინფორმაცია, ეს იყო ,,ცე’‘ ჰეპატიტი და ტუბერკულოზი. ამ უკანასკნელის გავრცელების მასშტაბის ზუსტი სტატისტიკა არ გვქონდა, რადგან ასეთი ტიპის გამოკვლევებიც შეზღუდული იყო, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დადო დასკვნა, რომ საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელია, რომელმაც უკვე ზღვარს მიაღწია. რატომ ვახსენებთ ტუბერკულოზს? ხშირად მისით დაავადებულ ადამიანებს, პარალელურად ,,ცე’‘ ჰეპატიტიც აქვთ _ ესაა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და შედეგიანი ნაბიჯები გადავდგათ.
_ რაც შეეხება ამ სფეროში განხორციელებული კვლევების არსს?
_ რასაკვირველია, კვლევა იაფი არ არის. ჩემი ინფორმაციით, უცხოური დონორი ორგანიზაციები სურვილს გამოთქვამდნენ, შემოსულიყვნენ საქართველოში და მოსახლეობა ,,ცე’‘ ჰეპატიტზე გამოეკვლიათ. იცით, რატომ გაუჩნდათ ეს სურვილი? აქედან ჩასულ ემიგრანტებში დაავადებულთა დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, ეს პროცესი კი მიმღებ ქვეყნებშიც გარკვეულ ტვირთად დააწვათ, ამიტომ უცხოელებს აქვე, ადგილზე დახმარების სურვილი გაუჩნდათ და ისინი ამ ყველაფერს უფასოდ, თავისი ხარჯებით აკეთებდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ ფართომასშტაბიან გამოკვლევაზე უარი უთხრა _ ახლა რომ უფასოდ გამოკვლევა ჩატარდეს, დაავადებული ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა გამოვლინდება და მერე მკურნალობა მოგვიწევს, შეიქმნება დისკომფორტი, რადგან ძვირადღირებული პროცესიაო. ეს რა პასუხია, თავად განსაჯეთ. ეს იყო 2010-11 წლებში, წინა ხელისუფლების პირობებში და ისეთი მძიმე მემკვიდრეობაა, ამის გამოსწორება ქვეყანას ძვირი დაუჯდება, რადგან ძალიან შრომატევადი პროცესია. პენიტენციალური სისტემიდან ამის აღრიცხვა დაიწყო, მაგრამ ასეთივე გამოკვლევა მთელ მოსახლეობას უნდა ჩაუტარდეს, რომ ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა.
_ რეგულაციების გამკაცრებაზე ვისაუბრეთ სტომატოლოგიურ დაწესებულებებში, რატომ გახდა ეს საჭირო?
_ ,,ბე’‘ და ,,ცე’‘ ჰეპატიტის რიცხვმა ძალიან მოიმატა სწორედ ისეთი სამედიცინო დაწესებულებებიდან, როგორიცაა სტომატოლოგიური და სხვა ობიექტები, სადაც ინფექცია სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო ვრცელდება. ახლა ამ კუთხით მუშაობა მიდის და ყველაფერი პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს. როდესაც ამდენი დაავადებულია სასჯელაღსრულების სისტემაში, რით არიან დაზღვეულები ის გარეთმყოფები, რომლებსაც მათთან კონტაქტი აქვთ? ეს ყველაფერი სერიოზულ შრომას მოითხოვს და სათანადო დანახარჯიც იქნება...
_ მკურნალობის ფასზე რას გვეტყვით?
_ აქ ვაწყდებით პრობლემას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო _ რატომ არის ეს წამლები ჩვენთან ასე ძვირი? წლების განმავლობაში, ფარმაცევტულ ბაზარზე ქაოსი სუფევდა. არასწორი საკანონმდებლო ბაზის პირობებში, პროდუქციის ფასთწარმოქმნაზე რეგულაცია არ არსებობდა, სამკურნალო საშუალებების საბაზრო ღირებულებაში სახელმწიფო არ მონაწილეობდა. საკანონმდებლო ბაზის დიდი ხარვეზი ასევე შესაცვლელია. მკურნალობის ფასების დაწევის შესაძლებლობა არსებობს, უბრალოდ, ამისთვის სწორი რეგულაციებია მოსაძებნი. პენიტენციალურ სისტემაში ამას თვალი გაუსწორეს, აღიარეს რეალური ფაქტები და უფასო მკურნალობის დაწყება ძალიან დიდი საქმეა. სხვათა შორის, დიდი პროცენტით დაიწია ტუბერკულოზის ახალმა შემთხვევებმა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში ასევე დიდი პროცენტით გვხვდებოდა. ესეც იმას ნიშნავს, რომ სწორი მიდგომები ამუშავდა და ასევე იქნება ,,ცე’‘ ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით. დაველოდოთ შედეგებს. სტატისტიკა აქვთ და ექვს თვეში, წელიწადში ერთხელ შედეგები დაფიქსირებული იქნება, ამავე დროს კი უნდა გამოვიკვლიოთ მთელი მოსახლეობა. ამასთან დაკავშირებით ერთ საგულისხმო ფაქტს გიამბობთ: წინა ხელისუფლებისას, გერმანიაში დროებით სასწავლებლად მყოფ სტუდენტს, რომელსაც დონორობა უნდოდა, სრულიად შემთხვევით ,,ცე’‘ ჰეპატიტი აღმოუჩინეს. წარმოიდგინეთ, როგორი შოკი იყო, არავითარი სიმპტომი არ ჰქონდა, არანაირი ეჭვი... მთელი მისი ოჯახი, ბაბუიდან დაწყებული ჯანდაცვას ემსახურებოდა და შვილს საკუთარ ქვეყანაში ვერ უმკურნალეს. ბევრი იწვალეს, რომ საზღვარგარეთ, როგორმე პროგრამაში მოხვედრილიყო. გერმანიაში, სადაც აბსოლუტურად არ იცნობდნენ, ჩათვალეს, რომ იგი ღირსია, მკურნალობა დაენიშნოს და რამდენიმე ათას ევროდ იმკურნალა. თუკი ჩვენს მოქალაქეებს ასეთი შესაძლებლობა გაუჩნდებათ, პენიტენციალურ სისტემაში მყოფებს უფასოდ უმკურნალებენ, დანარჩენ მოსახლეობას ხელმისაწვდომობა გაეზრდება, ამ ეტაპზე ამაზე უკეთესი რა შეიძლება გაკეთდეს? საქმე გვაქვს სოციალურ დაავადებასთან, რომელიც ინდივიდუალურ პრობლემათა რიგს დიდი ხანია გასცდა.
მერაბ ბერიძე