შესაძლო საკადრო ცვლილებების მოლოდინშია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიცია. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა მხარის პოლიციაში განსახორციელებელ სავარაუდო საკადრო ცვლილებებზე, რომელიც ასე გამოიყურება:

 

სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეებს გიგა ზესაშვილსა და გოგა ხუფაცარიას სავარაუდოდ ახალი კადრები შეცვლიან. მათ თანამდებობებს შინაგან საქმეთას სამინისტროს თანამშრომლები, ნუკრი ხასაია და გიორგი ხურცია ჩაანაცვლებენ. რაც შეეხება გიგა ზესაშვილს, იგი სენაკის რაიონის პოლიციის მთავარ სამმართველოს უხელმძღვანელებს, ხოლო სენაკის პოლიციის უფროსი გერონტი ალანია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ერთ-ერთ განყოფილებას ჩაიბარებს.

 

სამხარეო პოლიციის უფროსის მეორე მოადგილე გოგა ხუფაცარია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დროებით დაინიშნება. ის ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილის რანგში კონფლიქტების მოგვარების საკითხებს გაუწევს კურირებას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თანამდებობა ზუგდიდის პოლიციაში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უფროსის მოადგილემ ალექსანდრე დანელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ საკადრო ცვლილებები არ იგეგმება მარტვილისა და აბაშის რაიონებში. საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის ასევე ჩხოროწყუს რაიონში. ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს უფროსის შესახებაც, თუმცა სანდო წყაროს ცნობით მოქმედ უფროსს ფრიდონ ჭურღულიას თბილისის ერთ-ერთ სამმართველოში გადაიყვანენ. უცნობია ასევე თუ ვინ დაიკავებს მის თანამდებობას.

 

smo.ge-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით დარასელია შესაზლოა ფოთის პოლიციის უფროსად დაინიშნოს, ხოლო მის მოადგილედ ზუგდიდის პოლიციის უფროსი კობა ხარებავა, რომელსაც წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიას მკვიდრი ლევან ქარდავა ჩაანაცვლებს. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლო საკადრო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში რა ბედი ელის ფოთის პოლიციის მოქმედ უფროსს ზურაბ ალანიას.