"შუამავალი არ ვყოფილვარ...ნომერი გავუგე, მეტი არაფერი" - რობერტო მავანი აბესაძის საქმეზე
ამობეჭდვა · 2017-07-17 18:07:00 · 751 ნახვა

საერთო ნაცნობი ვიყავი ორი ადამიანის, ნომერი გავუგე და მეტი არაფერი კავშირი არ მაქვს ამ საქმესთან - ამის შესახებ ლევან კვარაცხელიამ (რობერტო მავანიმ) "პრაიმტაიმთან" საუბრისას ოთარ აბესაძის საქმეზე განაცხადა. 

"შუამავალი არ ვყოფილვარ. საერთო ნაცნობი ვიყავი  ორი ადამიანის,  ნომერი გავუგე და მეტი არაფერი კავშირი არ მაქვს ამ საქმესთან.  თქვენც, რომ გთხოვოთ თქვენმა ნაცნობმა ვიღაცის ნომერი, ალბათ ეტყვით. ოთარ აბესაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს, ვიცნობდი უბრალოდ ნაცნობობით, მეტი არაფერი" , - განაცხადა კვარაცხელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძეს ბრალად ქრთამის აღება ედება. მერიის თანამშრომელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 ივლისს, ღამით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, ტივზე რესტორნის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთ პირს 3000 დოლარი გამოართვა. პროკურატურის საქმის მასალებში ცნობილი ჟურნალისტი ლევან კვარაცხელია იგივე რობერტო მავანი, როგორც შუამავალი ისე ფიგურირებს.  გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მან დააკავშირა ერთმანეთს ოთარ აბესაძე და მტკვარზე რესტორნის მოწყობის მიზნით მოლაპარაკებების მწარმოებელი ვინმე ზვიად ჩიხლაძე.